ნებისმიერი ბრალდება, სადაც საუბარია ანტიდემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაზე, სრული სიცრუეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების მრავალ ორგანიზაციას, ყველა პოლიტიკურ პარტიას და თავად დემოკრატიულ პროცესს, რათა უზრუნველყოთ საქართველოს ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლების დაცვა, – ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის ბიუროში USAID-ის ადმინისტრატორის მოადგილემ, ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ერინ ელიზაბეთ მაკკიმ უპასუხა კითხვას, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებულ გამოძიებას „კანვას საქართველოსთან“ მიმართებით, ასევე „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივასთან“ დაკავშირებულ საკითხს, რევოლუციის დაფინანსების საკითხებზე ბრალდებებს.
USAID-ის წარმომადგენლის თქმით, მას არ უნახავს „კანვას საქართველოსთან“ დაკავშირებული მასალები, რაზეც მიმდინარეობს საუბარი.
„მე არ მინახავს ეს მასალები, მაგრამ ვიტყოდი, რომ ჩვენი საქმიანობა პოლიტიკურ პარტიებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან არის სრულიად ინკლუზიური. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამდი, რომ ჩვენ ხელს ვუწყობთ დემოკრატიულ პროცესებს, პროცედურებს, სადაც საქართველოს მოქალაქეების ჩართულება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ ვიცავთ დემოკრატიული პროცესების შედეგებს, იმისდა მიუხედავად, ვინ გახდება გამარჯვებული. ყველაფერი კეთდება, რათა დემოკრატიამ იმუშაოს და გაიმარჯვოს, რის მისაღწევადაც, ვიცით, რომ საქართველოს მთავრობა და მოსახლეობა ძალიან ბევრს მუშაობს“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
ამასთან, ერინ ელიზაბეთ მაკკიმ აღნიშნა, რომ სრულიად არასწორია ნებისმიერი ბრალდება ან ეჭვები არადემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასთან მიმართებაში.
„სულიად მომზადებული ვარ, ვისაუბრო ჩვენი საქმიანობის შესახებ, რომლის ფარგლებშიც მხარს ვუჭერთ წარმატებულ დემოკრატიას, მაგრამ, ამავდროულად, როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი ბრალდება ან ეჭვები არადემოკრატიული პროცესების მხარდაჭერასთან მიმართებაში არის სრულიად არასწორი“, – განაცხადა USAID-ის წარმომადგენელმა.
მისივე თქმით, USAID-ის გუნდი ბევრს მუშობს, რათა უზრუნველყოს დემოკრატიული პროცესის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება.
„კიდევ ერთხელ, არ ვიცი მასალების შესახებ და არც სპეკულაციების გაკონტროლება შემიძლია. მხარს ვუჭერ პარტნიორობას, რომელიც უკვე 32 წელია, გვაკავშირებს, რომელიც სრულებით ამტკიცებს სრულ და ინკლუზიურ მოქალაქეობრივ აქტივობებს. მხარს ვუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას და პოლიტიკურ პარტიებს. ვაძლიერებთ მთავრობის მხარდაჭერას, რათა მან გაამყაროს დემოკრატიული ინსტიტუტები ყველგან. ჩვენ არ ვირჩევთ კონკრეტულ კანდიდატებს, არ ვირჩევთ კონკრეტულ პარტიებს. ძალიან ბევრს ვმუშობთ, რათა ვუზრუნველყოთ დემოკრატიული პროცესის და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება. მე ამას ვუჭერ მხარს, ჩემი გუნდი უჭერს ამას მხარს. ვფიქრობ, რომ 32 წლის პარტნიორობა ამტკიცებს იმ ფაქტორს, რომ ჩვენ ინკლუზიური მიდგომა გვაქვს და ორიენტირებული ვართ საქართველოს დემოკრატიულ მომავალზე“, – განაცხადა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
ამასთან, ერინ ელიზაბეთ მაკკიმ აღნიშნა: „ვმუშაობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ვუზრუნველყოთ საარჩევნო პროცესების სამართლიანობა, თავისუფლება და გამჭვირვალობა. ხელი შევუწყოთ პროცესს, სადაც მოქალაქეებს აქვთ უფლება, თავისუფლად გააკეთონ თავიანთი არჩევანი“.
მისი თქმით, თანამშრომლობენ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, ისევე როგორც საარჩევნო კომისიასთან.
„მხარს ვუჭერთ სადამკვირვებლო მისიას, რათა კიდევ უფრო გავამყაროთ ეს პროცესი და არანაირი კითხვა არ გამოიწვიოს არჩევნების შედეგებმა“, – აღნიშნა ელჩმა ერინ ელიზაბეთ მაკკიმ.
USAID-ის წარმომადგენელმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მუშაობენ ძალიან ბევრს სწორედ იმ საკითხზე, რომ გაიზარდოს ნდობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართ.
ერინ ელიზაბეთ მაკკის განმარტებით, მჭიდრო თანამშრომლობა აკავშირებთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან და საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარესთან, რათა ხელი შეუწყონ არჩევნებს, იყოს თავისუფალი და სამართლიანი, ხოლო მისი შედეგები კი – გამჭვირვალე და უდავო.