"ქართველმა ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრ რამეს გაუძლოს და ძალიან ბევრი რამე აიტანოს, საქართველოს მოქალაქე არასოდეს აიტანს შეურაცხყოფას და დაცინვას, სწორედ ეს იყო გუშინ. საქართველოს მოსახლეობას მიაყენეს შეურაცხყოფა და წაართვეს არჩევანის უფლება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა ფილარმონიაში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, გუშინ პრეზიდენტობის არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა, ამით კი, საქართველოს მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენეს. "მადლობა თავგანწირვისთვის, თავდაუზოგავი შრომისთვის, იმ თავდადებისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ამტკიცებთ, და განსაკუთრებით დაამტკიცეთ გუშინ, როდესაც სრულიად არაპროპორციულ ბრძოლაში შეხვედით, იბრძოლეთ და გაიმარჯვეთ. დიახ, თქვენ გაიმარჯვეთ იმ 800 000 თანამებრძოლთან ერთად, რომელმაც გუშინ ამ უპრეცედნტო ზეწოლისა და დაშინების მიუხედავად მივიდა არჩევნებზე, გააკეთა მყარი არჩევანი. ეს არის ის ძალა, რომელიც ძალიან მალე გაისტუმრებს ივანიშვილის ხელისუფლებას. ჩვენ ძალიან უთანასწორო ბრძოლაში შევედით. ვიცოდით, რომ ეს ბრძოლა იყო უთანასწორო, თუმცა დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს ბრძოლა საბოლოო ჯამში აუცილებლად ჩვენი, ანუ საქართველოს გამარჯვებით დასრულდება. ალბათ ეჭვი არ გეპარებათ, რომ მრავალ არჩევნებს ვარ მოსწრებული, ხან როგორც ჟურნალისტი ვაშუქებდი, ბოლო ორი წელია პოლიტიკოსი ვარ. მე ასეთი არჩევნების მომსწრე არ ვარ, ასეთი რაოდენობის და მასშტაბებით გაყალბების მომსწრე მე არ ვარ, ქართველმა ადამიანმა შეიძლება ძალიან ბევრ რამეს გაუძლოს და ძალიან ბევრი რამე აიტანოს, მაგრამ საქართველოს მოქალაქე არასოდეს აიტანს შეურაცხყოფას და დაცინვას, სწორედ ეს იყო გუშინ", - აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.