ჩვენ ამომრჩეველს ვეუბნებით, რომ საარჩევნო უფლების რეალიზაციას არავითარი საფრთხე არ ექმნება, - განაცხადა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენლის ნინო ჯურხაძის მიერ დასმული კითხვის პასუხად, რომელიც ამომრჩევლის არჩევანის უფლებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციის თანახმად, თავად ამომრჩეველიც დაცული უნდა იყოს არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე პარტიისგან.

„როდესაც აღნიშნული საფრთხე არის რეალური და მყისიერი, თავად ამომრჩევლის ინტერესშიც უნდა შედიოდეს, რომ არ აღმოჩნდეს იმგვარ სპირალში, რომელიც საბოლოოდ შეიძლება დასრულდეს დემოკრატიისთვის კრახით.

როცა საუბარია იმაზე, რომ თითქოს ჩვენ ვინმეს რამეს ვუზღუდავთ, გაიხსენეთ აღნიშნული არაკონსტიტუციური პარტიების ქმედება საკუთარ ამომრჩეველთან მიმართებაში, როდესაც ამომრჩეველმა მათ მანდატი გადასცა და ეს მანდატები არაკონსტიტუციური მისწრაფებების მქონე პარტიებმა სახეში მიაყარეს საკუთარ ამომრჩეველს. დღეს ისინი ადასტურებენ, რომ ეს ჯანსაღი მიდგომაა“, - განაცხადა ჭეიშვილმა.