გააცნობიერეს, რომ ძალიან შორს არ იყვნენ იმ მომენტისგან, როცა ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში „ვარდების რევოლუციის“ ტიპის შედეგი დაუდგებოდათ, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც აქციების შემდეგ „ქართული ოცნების“ მიერ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას გამოეხმაურა.
„შეიძლება პარტიის შიგნით დაპირისპირება გამოიწვია შიშის განცდამ, შიშმა იმატა. ოღონდ იმისმა შიშმა არა, რომ ქუჩაში მყოფ ადამიანებს, რომლებსაც იმ დღეების განმავლობაში რეგულარულად მტრებად აცხადებდნენ, იქ შეიძლება მძიმე შედეგები ყოფილიყო, არამედ ეს შიში სრულიად სხვა რამით იყო გამოწვეული, საკუთარი მომავლის შეეშინდათ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამწუხაროდ ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც გააცნობიერეს, რომ 5-ჯერ, 7-ჯერ ან 10-ჯერ რომ სცემ მოქალაქეებს, გაზს გაუშვებ, რეზინის ტყვიას და წყლის ჭავლს გამოიყენებ, პლუს იმ რიტორიკით ელაპარაკები, რომლითაც ელაპარაკები, რაც ხანდახან გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე რეზინის ტყვიები, მათ გააცნობიერეს, რომ ძალიან შორს არ იყვნენ იმ მომენტისგან, როცა ყველაზე ტრაგიკულ და მძიმე შემთხვევაში ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებდა ვინმე ამ ხელისუფლებიდან ან ყველაზე მსუბუქ შემთხვევაში „ვარდების რევოლუციის“ ტიპის შედეგი დაუდგებოდათ. მიხვდა ბიძინა ივანიშვილი, რომ კიდევ ერთ ღამეს, ისეთს, როგორიც წინა 2 ღამე იყო, ისინი ვეღარ გაუძლებდნენ და გადაიტანდნენ.
უკან დაიხიეს არა იმიტომ, რომ მომიტინგეების ბედით შეწუხდნენ, არამედ იმიტომ, რომ მათ ხალხის უზარმაზარი ნაკადის შესაჩერებლად უკვე არანაირი რესურსი აღარ ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ იარაღი გამოეყენებინათ და იარაღს თუ გამოიყენებდნენ გასაგებია ამას რა შედეგიც მოჰყვებოდა, ამ შიშმა დაახევინათ უკან, სხვა არაფერმა“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.