მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ ზეგ რომ შეგვეკითხებიან, რომელი ქვეყნიდან ხარო, ეცოდინებათ, რომ იმ ქვეყნიდან ვართ, რომელიც დასანქცირებულია აშშ-ის მიერ და მაღალი ალბათობით ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსთან“ განაცხადა.

„მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ საქართველოს პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც ჰგონიათ, რომ ის, რაც საქართველოს თავზე ტრიალებს, მათ ვიზებსა და ბილეთებზე გადის და ეს ამბავი დანარჩენი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იმიტომ, არის, რომ მაგალითად ალუდა ღუდუშაური ვეღარ იყიდის ბილეთს, ვიზა გაუქმდება და ვეღარ წავა აშშ-ში. ვის რაში აინტერესებს სად წავლენ, სად ვერ წავლენ ან სად იმოგზაურებენ? მთელი ტრაგიზმი ამ ისტორიის ის არის, რომ ზეგ რომ შეგვეკითხებიან, რომელი ქვეყნიდან ხარო, ეცოდინებათ, რომ იმ ქვეყნიდან ვართ, რომელიც დასანქცირებულია აშშ-ის მიერ და მაღალი ალბათობით ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებების დარღვევისთვის, დემოკრატიასთან არათავსებადობისთვის, კორუფციისთვის და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოში რუსული გავლენის ხელშეწყობისთვის.

მე არ მგონია, რომ „ქართული ოცნების“ დღევანდელი საპარლამენტო შემადგენლობიდან ვინმეს სამშაბათამდე ნერვები უმტყუნებს, არ მაქვს ამის მოლოდინი. ერთადერთ ვერსია შეიძლება განვიხილო, რომ ვინმეს ნერვები კი არ უმტყუნებს, არამედ პატრონიდან ბრძანება გაიცემა, რომ 9 დეპუტატის იდენტიფიცირება მოხდეს, ვინც არ მისცემს ხმას და იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კი არ დაიხია უკან, არამედ ვიღაც 9 მოღალატე იყო, რომელმაც ეს ქნა. ეს ვერსია შეძლება დავინახო და ეს შვილებისთვის პრობლემების შექმნის თავიდან არიდება იქნება ეს ვერსია, მაგრამ არც ამაში ვარ დარწმუნებული, რომ მათ ახლა საერთოდ რამე ადარდებთ მათ შორის საკუთარი შვილების ბედი იმდენად შეპყრობილები არიან. ტელევიზორში კობახიძე რომ ლაპარაკობს, მე განცდა მაქვს, რომ ადამიანი შეპყრობილია იმით, რაც მოიგონეს, დაწერეს, ილაპარაკეს. დაიჯერეს და მერე რაღაც დრამა დადგეს ზღაპრიდან, რომელიც თავად მოიგონეს, საკუთარ თავს მოახვიეს და ახლა შეპყრობილები არიან“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც  პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".

ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.