იმედი მაქვს, დღევანდელი აქცია იქნება შემობრუნების წერტილი ხელისუფლებისთვის და საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობაზე უარს იტყვის, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

„დიდი იმედი მაქვს, რომ დღევანდელი აქცია იქნებ იყოს ის შემობრუნების წერტილი ხელისუფლებისთვის, როდესაც საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობას უარს იტყვის და მოქალაქეებთან დათმობის, დიალოგის, თანამშრომლობის გზით გააგრძელებს ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში არსებობის დარჩენილ დღეებს. აქციის ყოველი დღე უმნიშვნელოვანესია, იმიტომ რომ ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ერთადერთი ბერკეტი, რომელიც ხელისუფლებაზე დარჩენილია, ეს არის ამ აქციების პერმანენტულობა, ეს არის ერთადერთი საშუალება იმისთვის, რომ გაიგონ, დაიჯერონ, განსაკუთრებით იმ ძალადობების ფონზე, რომელიც ბოლო სამი დღის განმავლობაში საოცარი სისასტიკით იყო თბილისის ქუჩებში, რომ ამით ადამიანებს ვერ შეაშინებენ და თავისუფლებისთვის მებრძოლი ხალხი მზად არის ამ ბრძოლაში ბოლომდე თავდაუზოგავად იყოს",- განაცხადა თინა ხიდაშელმა.