2015 წელს მურუსიძის გარშემო უფრო მაღალი ხარისხის კონცენტრაცია მოხდა „ოცნების“, ვიდრე ჩვენს გარშემო, მაგრამ სანამ იქ ვიყავით, ვერაფერს ბედავდა - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

„ერთადერთი რეაგირება, რაც დააკლდა პროცესს, იყო ის, რომ 2015 წელს მურუსიძის გამო ჩვენ წავსულიყავით კოალიციიდან, სხვა არაფერი არ დაგვიკლია პროცესისთვის. მე ბევრჯერ მითქვამს, რომ იმ მომენტში, იმ პროცესში მურუსიძემ გვაჯობა ჩვენ, მის გარშემო უფრო მაღალი ხარისხის კონცენტრაცია მოხდა პარტია „ქართული ოცნების“, ვიდრე ჩვენს გარშემო, ჩვენი პოზიციების გარშემო. ჩვენ პარლამენტში ათი ხმა გვქონდა და იმ ათ ხმას საით მივცემდით, არავითარი მნიშვნელობა ამას არ ჰქონდა. 2015 წლიდან დაიწყო ფესვების გადგმა უფრო სიღრმისეულად, მაგრამ სანამ ჩვენ იქ ვიყავით, მურუსიძე ვერაფერს ვერ ბედავდა. მურუსიძე იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო, მას ადგილი ჰქონდა მიჩენილი, მაგრამ მისი დიდი შემობრუნებით, თუ მეორედ მოსვლით, რაც გინდათ ის დავარქვათ, სრულიად ერთმნიშვნელოვანი იყო, რომ ეს მეორედ მოსვლა იმას ემსახურებოდა, რომ კი ბატონო, ერთი ორი წელი არაფერს არ წყვეტდა, მაგრამ ხვალ და ზეგ ის ხდებოდა ბიძინა ივანიშვილის მთავარი საყრდენი. ჩვენ ამას ვებრძოდით, ვებრძოდით საჯაროდ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.