საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის, ჯეიმს ო’ბრაიენის ვიზიტი, რომელიც სანქციების საკითხს კურირებს, კიდევ ერთი დასტურია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სანქციების საკითხი სერიოზულად განიხილება, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ში ინდივიდუალური, პერსონალური სანქციები განიხილება ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის და იმ მოძალადეების წინააღმდეგ, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ და არბევენ საქართველოს მოქალაქეებს.
„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ასეთი მაღალჩინოსნის ვიზიტი ნიშანდობლივია იმითაც, რომ ის სანქციების საკითხს კურირებს. ეს კიდევ ერთი დასტურია, რაც ვიხილეთ, მათ შორის სენატორების წერილში, ისევე როგორც კონგრესმენების წერილში, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სერიოზულად განიხილება სანქციების საკითხი. ინდივიდუალური, პერსონალური სანქციების საკითხი ბიძინა ივანიშვილის, მისი გარემოცვის, ამ 83 მოღალატის და მოძალადეების წინააღმდეგ, რომლებიც უმოწყალოდ სცემენ და არბევენ საქართველოს მოქალაქეებს“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.