სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა, ეს დამაბრკოლებელია საქართველოს მოქალაქისთვის და ევროპელი პარტნიორებისთვისაც, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„მესმის, რომ ჩვენი მწყობრი და კოორდინირებული მუშაობა ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია და აქ ნამდვილად ვისურვებდი, რომ ყოველთვის ერთიანი პოზიციები გვქონდეს, იქნება ეს დაგეგმარების ნაწილი, თუ აღსრულების. ზოგადად, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ყველაფერს, ყოველთვის ყველა პოლიტიკოსი ხმამაღლა არ საუბრობდეს, ამასაც აქვს თავისი მიზეზები რიგ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ საზოგადოება სულისკვეთებას ყოველთვის ძალიან კარგად გრძნობს. იცით და წარსულის რევიზიას, მით უმეტეს, ამ გადამწყვეტ მომენტში ნამდვილად არ დავიწყებ, თუმცა მე პირადად, ისევე როგორც ჩვენი პარტია, პრეზიდენტი სააკაშვილი ვსაუბრობდით ერთიანობის მნიშვნელობაზე, მათ შორის წინასაარჩევნოდ. დღეს რევიზია და მით უმეტეს თითის გაშვერა ამ მოცემულობაში კატეგორიულად მიუღებელია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, წარვდგეთ მაქსიმალურად ერთიანი სულისკვეთებით, ერთიანი ძალისხმევით, რადგან ეს იქნება მთავარი საფუძველი საზოგადოებრივი კონსოლიდაციის“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ფორმულას“ ეთერში.

ბოკუჩავას ინფორმაციით, ევროპელ პარტნიორებს აინტერესებთ, ვის ესაუბრონ, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას.

„გულწრფელები რომ ვიყოთ, სამწუხაროდ, ამ დრომდე ვერ წარმოიშვა ისეთი ლიდერი, რომელსაც გამაერთიანებლის როლი ექნებოდა და ჩემი აზრით, ეს საქართველოს მოქალაქისთვისაც ერთგვარი დამაბრკოლებელია, ასევე, ღიად უნდა გითხრათ, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვისაც. ისინი მე მეუბნებოდნენ მაგალითად, უკრაინაში ჩვენ რომ ჩავდიოდით, ვიცოდით, ვისთან უნდა გვესაუბრა – ეს იყო იუშენკო და ეს იყო ტიმოშენკო, თქვენს შემთხვევაში, ვის ვესაუბრებით, ვინ წარმოადგენს ოპოზიციას “, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.