საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგან პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი იქნებოდა არა ივანიშვილისთვის გადაბრალება, არამედ პასუხისმგებლობის აღება, რომ გაეკეთებინა ის, რაც ხელეწიფებოდა, ეს იყო შეწყალების უფლება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ჩემი ინტერესი არ არის ოპონირების რეჟიმში ყოფნა მათთან, ვინც ივანიშვილს ოპონირებს, მაგრამ კითხვას რადგან მისვამთ, არ შემიძლია, გულწრფელად არ გიპასუხოთ. ძალიან მარტივია პასუხისმგებლობის არიდება და გაცილებით რთულია პასუხისმგებლობის აღება ხანდახან ისეთ ნაბიჯებზე, რაც შენს შინაგან განწყობებს, შეიძლება, ეწინააღმდეგებოდეს. პოლიტიკური ლიდერობა არის სწორედ პასუხისმგებლობის აღება. მისი მხრიდან პასუხისმგებლობიანი ნაბიჯი იქნებოდა არა ივანიშვილისთვის გადაბრალება, ვინც ყველასთვის გასაგებია, ვინ არის, ეს არის რუსი, რომელიც დასავლელ მიხეილ სააკაშვილს და ბევრ სხვას დევნის, არამედ ამ პასუხისმგებლობის აღება. მისი მხრიდან ლიდერობა და პასუხისმგებლობის აღება იქნებოდა, რომ გაეკეთებინა ის, რაც ხელეწიფებოდა, ეს იყო კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული შეწყალების უფლება, რაც იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი განაცხადი, რაც, სამწუხაროდ, მან არ გამოიყენა, ამიტომ ვფიქრობ, ახლა პასუხისმგებლობის არიდება მორიგი უპასუხისმგებლობაა“, – აღნიშნა ბოკუჩავამ.
შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა „არც ვნანობ და არც უარვყოფ, რასაც ვამბობდი სააკაშვილის შეწყალებაზე, მაგრამ ადამიანურად ძალიან მეცოდება, დღეს მისი გამოშვების საკითხი მთლიანად მიბმულია ამ რეჟიმის შეცვლასთან“.