ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების მთავარი სამიზნეა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორ წელზე მეტია დატყვევებულია პოლიტიკური მოტივით. ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელიც აზიანებს ქვეყანას და რომელიც უნდა დასრულდეს!“ - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„დეპუტატების კითხვების ნაწილში, მე გკითხეთ, ბატონო ირაკლი, რამდენად ადეკვატურია თქვენი მხრიდან ეკონომიკური დინამიკის „ფუნდამენტურ პროგრესად“ შეფასება, მაშინ როდესაც არსებული ეკონომიკური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სიღარიბის დაძლევისთვის - და იმ მიზნის მისაღწევად - რაც თქვენ დღეს თავად დასახეთ - სიღარიბის განულებას - 25 წელიწადი დასჭირდება.
პასუხად მივიღე კვლავ წარსულზე ორიენტირებული და არა ხალხის დღევანდელ პრობლემების მოგვარებაზე ორიენტირებული რიტორიკა.
ვფიქრობ, პოლიტიკოსები და განსაკუთრებით, მთავრობა - თქვენს შემთხვევაში კი პრემიერ მინისტრი მომავალზე უნდა იყოს ორიენტირებული.
მაგრამ რადგან თქვენ თავად გიყვართ წარსულზე საუბარი და დღესაც წარსულზე საუბარს დიდი დრო დაუთმეთ - შეგახსენებთ, რომ 2003-2012 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის ლარში გამოსახული შემოსულობები 560%-ით გაიზარდა.
პენსია - ბატონო ირაკლი - იმ ცხრა წლის განმავლობაში, რომელზეც ასე ხშირად საუბრობთ - 11-ჯერ გაიზარდა.
ლარში გამოსახული, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამავე პერიოდში 71%-ით გაიზარდა.
ბევრი სხვა მსგავსი ციფრი შემიძლია მოვიყვანო, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ საქართველო იმ პერიოდში დასახელდა მსოფლიო ბანკის მიერ, როგორც ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანა!
მაგრამ არ მსურს წარსულისთვის დიდი დროის დათმობა - თქვენი პოლიტიკური გუნდისგან განსხვავებით.
მე იმ პრობლემებზე მინდა ვისაუბრო რომლის წინაშეც ჩვენი თანამოქალაქეები დღევანდელ დღეს დგანან და რომელთა შესახებ ჩვენ ყოველდღიურად ვისმენთ როდესაც მათ ვხვდებით საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ - ემიგრანტებთან შეხვედრებზე. თბილისში თუ რეგიონებში. ქუჩაში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში - თუ შეხვედრებზე.
თქვენც რომ გქონდეთ ჩვეულებრივ ადამიანებთან მეტი შეხების წერტილი და არა ჩინოვნიკებთან ან თუნდაც დეპუტატებთან თქვენს რიგებში - სადაც 20-მდე მილიონერი ირიცხება - თქვენც მოისმენდით ამ რეალური პრობლემების შესახებ და მიხვდებოდით, რომ დღევანდელი მოცემულობის ფუნდამენტურ პროგრესად შეფასება ისევე რეალობასაა მოწყვეტილი როგორც ივანიშვილის რჩევა საქართველოს მოქალაქეებისთვის ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად პირადი ბანკირი აიყვანონ.
მხოლოდ სამთავრობო პროპაგანდისტული არხებით რომ არ იღებდეთ ინფორმაციას, მიხვდებოდით, რომ თქვენი სტატისტიკური შეფასებები ძალიან შორსაა იმ მძიმე რეალობისგან, რომელშიც საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა ცხოვრობს.
მოისმენდით ისეთ ისტორიებს, როგორიცაა მაგალითად მაკას ისტორია, რომელიც პედაგოგია და ორ შვილთან და მეუღლესთან ერთად ცხოვრობს და ამბობს, რომ ყოველთვიური შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ყოფნის მის ოჯახს, მაგრამ ისიც - მხოლოდ აუცილებელ პროდუქტებზე როგორიცაა პური, ზეთი, შაქარი.
ის ამბობს, რომ ხორცი და რძის პროდუქტები მისი ოჯახისთვის - ფუფუნების პროდუქტებია.
არა ნახევარ მილიონ ლარიანი მაჯის საათი, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი თავმომწონედ ატარებს არა სახელმწიფო თვითმფრინავით შესრულებული ტრანს-ატლანტიკური ფრენები შვილის უნივერსიტეტში სატარებლად არა მეუღლისთვის ნაჩუქარი ბაკურიანის ტყეები ასე გამოიყურება ღარიბაშვილის ფუფუნება, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანებისთვის - და ძალიან ბევრისთვის - მერწმუნეთ - ხორცი და რძის პროდუქტია ფუფუნების პროდუქტი.
და მაინც რადგან ციფრებზე და არა ადამიანებზე გსურთ ფოკუსირება - ციფრებშიც მოგახსენებთ, რომ რეალობა ძალიან მძიმეა.
ოთხში ერთი ადამიანის თქმით, ოჯახს შემოსავალი მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის და სხვა არაფერზე ამ კუთხით, კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა სოფლად და ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში, სადაც მოსახლეობის მეოთხედი ამბობს, რომ საჭმლის ფული არ აქვთ.
თქვენ საუბრობდით ნომინალური ხელფასების ზრდაზე.
ნომინალურ დაანგარიშებას ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს - ეს არის ინფლაცია.
ხელფასებთან ერთად - წლიდან წლამდე - კატასტროფულად იზრდება ფასები პროდუქტებზე და მომსახურებაზეც.
ასევე მხოლოდ ნომინალურ საშუალო ხელფასებზე საუბარი უგულებელყოფს იმ ფაქტს, რომ 310 000 პირს აქვს 1000 ლარამდე ხელფასი და ამ 310 000-დან, 238 000 ჩვენს თანამოქალაქეს 800 ლარამდე ხელფასი აქვს.
გულწრფელად მაინტერესებს ან თქვენ, ან რომელიმე მინისტრს ან რომელიმე თქვენს თანაპარტიელ დეპუტატს - მიაჩნია, რომ თვეში 800 ან თუნდაც 1000 ლარით შესაძლებელია ოჯახმა თავი ირჩინოს? ძირითადი საჭიროებები უზრუნველყოს შვილებისთვის?
და მაინც, რადგან ციფრებზე და არა ადამიანებზე გსურთ ფოკუსირება - კიდევ რამდენიმე ციფრს მოგიყვანთ.
დღესდღეობით, სოციალურ შემწეობას იღებს 672 000 ადამიანი, რაც ისტორიული მაქსიმუმია ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში, 51%-ით არის გაზრდილი სოციალურად დაუცველთა და საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა როგორ ფიქრობთ ფუნდამენტური ეკონომიკური პროგრესის პირობებში - თქვენი სიტყვები რომ გამოვიყენო - ამდენი ადამიანი სოციალური დახმარების აუცილებლობის წინაშე დადგებოდა?
საქმე იმაშია, რომ ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის დოვლათი არ ნაწილდება საზოგადოებაზე უკიდურესად ჭირს მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები და ელიტური კორუფცია ყვავის.
ივანიშვილმა სიღარიბესთან ბრძოლის ნაცვლად პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა აირჩია.
იმის ნაცვლად რომ მთავრობას დაუღალავად ემუშავა, სტუდენტებისთვის დასაქმების რეალური შესაძლებლობების შესაქმნელად, დასაქმებულთათვის ღირსეული ხელფასების და პენსიონერებისთვის ღირსეული პენსიის უზრუნველსაყოფად ოცნებამ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე დააკარგვინა ჩვენს ქვეყანას 12 წელი!
ივანიშვილის პოლიტიკური ანგარიშსწორების მთავარი სამიზნეა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ორ წელზე მეტია დატყვევებულია პოლიტიკური მოტივით.
ეს არის ისტორიული უსამართლობა, რომელიც აზიანებს ქვეყანას და რომელიც უნდა დასრულდეს!
თქვენს გამოსვლაში ბატონო ირაკლი, დღეს ისიც ახსენეთ, რომ ნებისმიერი ლოიალური დამოკიდებულება კორუფციის მიმართ თქვენთვის პირადად არის მიუღებელი. ეს თქვენი დღევანდელი სიტყვებია.
თუ გსურთ, რომ ეს განცხადებაც უკიდურეს სიყალბედ არ იყოს აღქმული - სკამს კი ნუ გაუცვლით ირაკლი ღარიბაშვილს, გამოძიება დაიწყეთ ელიტურ კორუფციაზე.
სინამდვილეში კორუფციასთან ბრძოლაზეც ყალბია თქვენი პოლიტიკური რიტორიკა.
და ვფიქრობ, ხალხი ძალიან დაიღალა ივანიშვილის და მისი მთავრობის ტყუილებით, ჩინოვნიკების ყალბი დაპირებებით, ციფრებით მანიპულირებით და სტატისტიკით ბაქიბუქით.
მაშინ, როდესაც ეკონომიკა მუშაობს მხოლოდ ივანიშვილის და მისი კორუმპირებული კასტის სასარგებლოდ, ხოლო ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობა უმუშევრობას და უპერსპექტივობას ებრძვის ან ქვეყნიდან მიდის.
მოლოდინი იმის, რომ ივანიშვილის მთავრობა რეალობას თვალს გაუსწორებს და ქვეყნისთვის საჭირო ცვლილებებს მოიტანს არ მაქვს.
მოლოდინი მაქვს იმის, რომ ქართველი ხალხი წელს არჩევნებზე შეცვლის ხელისუფლებას.
ისეთივე სიმტკიცით და შეუპოვრობით, როგორც ქართველმა ხალხმა კანდიდატის სტატუსი მოიპოვა ჩვენი ქვეყნისთვის.
და არა - ბატონო ირაკლი, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არ არის უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილის მონაპოვარი - როგორც თქვენ მოგვახსენეთ.
კანდიდატის სტატუსი ქართველი ხალხის მონაპოვარია რომელიც თავის ნამდვილ ძალას კიდევ ერთხელ ოქტომბერში აჩვენებს.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ