ივანიშვილმა ქვეყანა დააყენა რეფერენდუმის წინაშე, რუსეთი თუ ევროპა, საზოგადოებრივი დაკვეთა არის პროევროპული ოპოზიციის გაერთიანება. „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით, შემიძლია, დავადასტურო, რომ მხარს ვუჭერთ ერთიანი ფრონტის შექმნას, მათ შორის საერთო სიის სახით ივანიშვილის რუსული ხელისუფლების დასამარცხებლად, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
ბოკუჩავას თქმით, გონივრული და პასუხისმგებლიანი მოქმედება პარტიების მხრიდან არის სწორედ საზოგადოებრივი დაკვეთის მიღება ერთიანობასთან დაკავშირებით.
„ჩვენი ინფორმაციით, ამას ადასტურებს შიდა კვლევები, მათ შორის „ლელოს“ პარტიული კვლევა, რომლის შედეგების მიხედვითაც, ერთიანი სია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მონაწილეობით ამარცხებს ივანიშვილის მთავრობას და იღებს უმრავლესობას საქართველოს პარლამენტში, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მოვახდინოთ მრავალპარტიული კოალიციური პროდასავლური დემოკრატიული მთავრობის ფორმირება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად. ეს უნდა იყოს გამარჯვების სია, რომელმაც უნდა ასახოს საზოგადოებრივი დაკვეთა და საზოგადოების მხრიდან მაღალი ნდობით აღჭურვილი ადამიანები უნდა იყვნენ ამ საერთო სიაში. ეს არ არის არჩევნები, სადაც პარტიებს უნდა მიეცეთ ფუფუნება, რომ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი პარტიული რეიტინგის პროგნოზებით დაკავდნენ. ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის არჩევნები, რეფერენდუმი, რომლის წინაშეც დაგვაყენა ივანიშვილმა ევროპასა და რუსეთს შორის და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ამ გამოწვევას სწორად ვუპასუხოთ. ამ შემთხვევაში ერთადერთი სწორი, გონივრული და პასუხისმგებლიანი მოქმედება პარტიების მხრიდან არის სწორედ საზოგადოებრივი დაკვეთის მიღება ერთიანობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბოკუჩავამ.