მე წარმოვადგენ ყველაზე ძლიერ, მსხვილ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც შექმნა გამარჯვების კოალიცია. ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის, თუმცა ვინ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ეს მათი პრეროგატივაა - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
„იცით, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის" ეს არ არის პრინციპული საკითხი, ჩვენი პოლიტიკური პარტიისთვის ბარიერის საკითხი ელექტორალურად გადამწყვეტი არ არის, მაგრამ პოლიტიკური პლურალიზმისთვის, მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. ამიტომ იყო, მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების ნაწილი, რომელსაც მხარი დაუჭირა "ოცნებამაც", მეტიც, კენჭიც უყარეს საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც ბარიერს დაწევდა 2%-მდე, მაგრამ მერე გააჩერეს. გააჩერეს, იმიტომ, რომ ივანიშვილმა საარჩევნო არითმეტიკით გამოთვალა, რომ 5%-იანი ბარიერით უფრო დიდი შანსი აქვს ძალაუფლების შენარჩუნების. რა საარჩევნო ბარიერიც არ უნდა იყოს, ივანიშვილი ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას. ვისაც ვისთან სურს თანამშრომლობა პოლიტიკურ კონტექსტში, ითანამშრომლოს, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ გადალახოს საარჩევნო ბარიერი, იმისთვის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ჩვენი მოქალაქეების საარჩევნო ხმა არ დაიკარგოს. ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი.
ყველა კვლევითი ორგანიზაცია გვიჩვენებს, რომ ამ 5%-იან ბარიერს ვერ ლახავს ბევრი ოპოზიციური პარტია, ამიტომ მნიშვნელოვანია გაერთიანება. ვინ რა კონფიგურაციით გაერთიანდება, ვის ვისთან სურს საკუთარი საარჩევნო თუ პოლიტიკური ბედის დაკავშირება, ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მე შემიძლია ვთქვა, რომ მე წარმოვადგენ ყველაზე ძლიერ, მსხვილ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც შექმნა გამარჯვების კოალიცია და რომელიც აუცილებლად იქნება იმ დიდი გამარჯვების ნაწილი, რომელიც ქართველ ხალხთან ერთად უნდა მივაღწიოთ. ჩვენი კარი ღიაა თანამშრომლობისთვის, თუმცა ვინ გამოიყენებს ამ შესაძლებლობას, ეს მათი პრეროგატივაა. გამარჯვების გზა არის კოალიციურ მთავრობაში", - განაცხადა ბოკუჩავამ.