კვლევები აჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს არ აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა - ყველამ ადეკვატურად უნდა აღიქვას ეს რეალობა, - ამის შესახებ ენმ-ის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„ჩვენც [ოპოზიცია] უნდა ვიყოთ პრაგმატულები, რაციონალურები, ადეკვატურები და სწორად უნდა ვიმოქმედოთ. ამ სწორ მოქმედებაში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება გამსხვილება, რაც ყველაზე ნაკლებად გვეხება ჩვენ, თუმცა ჩვენი კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, რომ შემოგვიერთდეს გამარჯვების პლატფორმაზე, მაგრამ ნამდვილად ეხება პარტიებს, რომლებსაც ყველა კვლევაში, იქნება ეს „ედისონის“, „აირაის“, „ენდიაის“, თუ ნებისმიერი სხვა კვლევა, რომელთაც მაღალკვალიფიციური სანდო საერთაშორისო ორგანიზაციები ატარებენ, აჩვენებს, რომ არ აქვთ 5%-იანი ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა და ამიტომ, ყველამ ადეკვატურად უნდა აღიქვას ეს რეალობა, და ეს არ არის ერთმანეთის დაკნინების გზა. სულ რომ რამდენიმე ათასი ადამიანი უჭერდეს მხარს ამათუ იმ პარტიას, ეს ხმები არ უნდა დაიკარგოს, ეს ხმები შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს ამ არჩევნებში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში.