მიუხედავად მუქარის, შანტაჟის და ზეწოლისა, პრეზიდენტმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, იმედი მაქვს ამას მოჰყვება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება, - ასე ეხმიანება „ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ჟურნალისტებთან „მთავარი არხის" დამფუძნებლის ნიკა გვარამიას გათავისუფლებას.

„სალომე ზურაბიშვილი აქამდეც იყო შანტაჟის და მუქარის მსხვერპლი, ამაზე ღიად საუბრობდა ის, ასევე მისი საპარლამენტო მდივანი. სავარაუდოდ, ეს კამპანია კიდევ უფრო ინტენსიური გახდება მის წინააღმდეგ. მე მოხარული ვარ, რომ მას ჰქონდა გამბედაობა იმისთვის, რომ მიუხედავად ასეთი მუქარის, შანტაჟის და ზეწოლისა, მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის, რადგან თუ რამე დააჩქარებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას და გაუხსნის შესაძლებლობას, რომ სტატუსი მივიღოთ, ქართველი ხალხის ნებასთან ერთად, არის სწორედ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილება, რომ შეეწყალებინა ნიკა გვარამია. დიდი იმედი მაქვს, ამას მოჰყვება სააკაშვილის გათავისუფლება და შეგვეძლება ვთქვათ, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება გადადგმული დეპოლარიზაციის მიმართულებით, რაც არის ევროკავშირის ერთ-ერთი მოთხოვნა,"- განაცხადა ბოკუჩავამ.