ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში თორნიკე შარაშენიძე ხელისუფლებას გამოფხიზლებისკენ მოუწოდებს. როგორც „აიპრესთან“ თორნიკე შარაშენიძე აცხადებს, ხელისუფლებამ დროა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება მოახდინოს. აღნიშნული განცხადებები თორნიკე შარაშენიძემ საოკუპაციო ხაზის გადმოწევასთან დაკავშირებით გააკეთა.

"შეიძლებოდა ამის გაპროტესტება კარასინთან შეხვედრაზე უარის თქმით, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ბოლოსდაბოლოს გამოფხიზლდეს, გააქტიურდეს, საოკუპაციო ხაზთან მოახდინოს საერთაშორისო მხარდამჭერების, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების, დიპლომატების, ჟურნალისტების, არასამთავრობოების მობილიზება, რომ ოკუპანტები იყვნენ ზეწოლის ქვეშ და მათთვის კომფორტული არ იყოს, როცა მოუნდებათ საოკუპაციო ხაზის გადმოწევა. აქამდე, როგორც ჩვენ ვხედავთ ეს არ ხდებოდა, გვესმოდა, რომ რა მოხდა, არაფერი განსაკუთრებული არაა, რომ ეს დაიწყო 2008 წელს. ახლა როცა ოკუპანტების თავხედობა ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, იმედია გამოფხიზლდებიან“-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

ამასთან ექსპერტი მიიჩნევს, რომ მიუხედავად გრეგორი კარასინის სიმპატიებისა ზურაბ აბაშიძის მიმართ, საქართველო პრობლემებს საერთაშორისო სარბიელზე გააქტიურების გარეშე ვერ მოაგვარებს.

„როგორც ვიცი კარასინს პირადად ზურა აბაშიძის მიმართ საკმაო სიმპათიები და პატივისცემა გააჩნია და რაღაც განზომილებაში ეს შეიძლება რაღაცნაირად წაეხმაროს, მაგრამ ჩვენი ინტერესებისთვის ეს რა თქმა უნდა საკმარისი არ იქნება, ბოლოს და ბოლოს ჩვენ ყველამ ვიცით, ვინ წყვეტს რუსეთში ყველაფერს, კარასინი, ნამდვილად არ წყვეტს. დიპლომატიაში ხანდახან თამაშობსხოლმე გარკვეულ როლს პირადი სიმპათიები, ადამიანური კონტაქტები, მაგრამ რუსეთთან ეს ესე მარტივი ნამდვილად არ იქნება. არა მგონია ამან გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგები მოიტანოს. თუ სახელმწიფო პოლიტიკა არ შეიცვალა და არ გახდა აქტიური, მაქსიმალურად არ მოახდინეს საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება, მაშინ ეს კარასინის პირადი სიმპათიები საქმეს ნამდვილად არ უშველის“,-განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

"აიპრესთან" საუბრისას თორნიკე შარაშენიძემ პრემიერის განცხადებაც შეაფასა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ აჟიოტაჟის ასატეხი არაფერია და მთავრობამ კარგად იცის, როგორ მოიქცეს. „ალბათ არც ლარზეა აჟიოტაჟი ასატეხი, არც იმაზე რომ ეკონომიკა არ იზრდება, არც იმაზე რომ მალე გორამდე მოვა საოკუპაციო ხაზი და ა.შ“,-აცხადებს ექსპერტი.

თორნიკე შარაშენიძე საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობასაც აფასებს და აცხადებს, რომ უწყებაში საკმაოდ კარგი დიპლომატები არიან, თუმცა შესაძლოა ისინი გარკვეული ინსტრუქციებით მოქმედებენ.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო პრინციპში აკეთებს თავის საქმეს , მეტს ალბათ ვერ გააკეთებს, ეს არის მთელი მთავრობის, მთელი საზოგადოების საქმე. საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია აგზავნოს მხოლოდ და მხოლოდ საპროტესტო ნოტები, მეტი ვერაფერი. საგარეო საქმეთა სამინისტროს თუ არ ექნება კონკრეტული დავალება უფრო ზემოდან, თავის ინსტრუქციებს სამწუხაროდ ვერ გასცდება. ჩვენ გვყავს საკმაოდ კარგი დიპლომატები, მაგრამ ისინი თუ არ მიიღებენ შესაბამის ინსტრუქციებს , ისინი ბევრს ვერაფერს გააკეთებენ. ეჭვი მაქვს მიღებული აქვთ ინსტრუქცია რომ მაინცდამაინც თავი არ გამოჰყონ და არ იაქტიურონ. ეს გამოჩნდა ოცნების ხელისუფლების მოსვლის პირველივე დღიდანვე, როცა საგარეო პოლიტიკა გახდა ნაკლებად აქტიური, მოხსნეს საქართველოს საკითხი როგორც დაპირსიპირების საგანი რუსეთს და დასავლეთს შორის და როგორც სჩანს ჩათვალეს, რომ რაც უფრო ჩუმად ვიქნებოდით, ნაკლებად აგრესიული იქნებოდა რუსეთი. ამან რა თქმა უნდა არ გაამართლა. ხელისუფლება აღმოჩნდა ილუზიის მსხვერპლი, რომელიც ჰქონდა ყველა წინა მთავრობას , რომ რუსეთთან ურთიერთობას დაალაგებენ, მაგრამ ბოლოსდაბოლოს რომელიღაც მთავრობამ ხომ უნდა ისწავლოს წინას შეცდომებზე“,-აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.

შეგახსენებთ დღეს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხბეში ზურაბ აბაშიძე გრეგორი კარასინს ხვდება. 10 ივლისს კი გორის რაიონის სოფელ წითელუბნისა და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. "საზღვრის" აღმნიშვნელი ბანერები აღიმართეს. აღნიშნული სოფლის სიახლოვეს მდებარეობს ბაქო-სუფსის მილსადენის გარკვეული მონაკვეთები, ხოლო განხორციელებული ქმედებების შედეგად, სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე ნავთობსადენის გარკვეული ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოექცა.