საქართველოს კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, უნგრეთში გამართულ კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც ჩვენი ერი საუკუნეების განმავლობაში იდგა. 

„რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის უნგრეთში ვიზიტს, ვიდრე პრემიერ-მინისტრი მოცემულ კონფერენციაზე სიტყვით გამობრძანდებოდა და ამ ვიზიტით ჩავიდოდა უნგრეთში, მოხდა ისე, რომ მანამდე რამდენიმე დღით ადრე მეც გახლდით ჩემს კოლეგასთან სტუმრად უნგრეთში, ჩემი თვალით ვნახე და მოვისმინე, როგორ ცდილობს უნგრეთი, დაცული იქნეს ის ტრადიციული ღირებულებები, რამაც დააფუძნა თავის დროზე ევროპა, ევროკავშირი. ამ კონფერენციასაც ეს გასდევდა ლაიტმოტივად. პრემიერის გამოსვლა იყო ძალიან ბევრი მესიჯით დატვირთული და თითოეული მათგანი ემსახურებოდა იმ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვას, რომელზეც რეალურად ჩვენი ერი საუკუნეების მანძილზე იდგა. ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ის რწმენა, რომელმაც დღემდე მოიტანა ეს ქვეყანა და ჩვენი სამშობლო, დიდებულ რწმენას ვგულისხმობ, ეს არის შემწყნარებლობა. პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ კონფესიებზე და მულტიეთნიკურ საზოგადოებაზე, რომელიც ჩვენ ვართ და ჩვენი სამშობლოს დაცვაში უნდა ვიყოთ ერთიანები, როგორც ვიყავით ყოველთვის. საუბარი იყო იმაზე, რომ ოჯახი ყოველთვის იყო ის, რაც ქართველ ადამიანს ბრძოლაში აძლიერებდა და ეს ღირებულებები, ყველაფერი თავმოყრილია, რათა ჩვენ ამ გლობალიზაციის მრავალი გამოწვევით სავსე ეპოქაში გადავრჩეთ, როგორც ერი. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი ახლა, როგორ უნდა გადავრჩეთ ისე, რომ არ ვუღალატოთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, რომელთა სადარაჯოზეც მუდამ ვიდექით ჩვენ, ჩვენი წინაპრები და ვისურვებდით, ჩვენი მომავალი თაობებიც უფრო აქტიურად აღიზარდონ ამ ღირებულებების საფუძველზე – პატრიოტიზმი, მამულის დაცვა, რწმენის დაცვა, ოჯახში ის ღირებულებები, რაც მნიშვნელოვანია, ქალის და მამაკაცის თანასწორობა, რომელიც ჩვენ ბევრად ადრე ვაღიარეთ, პრაქტიკაში და პოლიტიკაში დავნერგეთ, ვიდრე ეს რომელიმე ევროპულმა ერმა გააკეთა, რაზეც ისაუბრა პრემიერმა, როდესაც ახსენა, რომ მაგალითად, ქალებს საარჩევნო უფლება ბევრად ადრე მიეცათ ჩვენს ქვეყანაში, ვიდრე ნებისმიერ სხვა დღეს პროგრესულად აღიარებულ სახელმწიფოში.

ეს ის ტრადიციული ღირებულებებია, რომელზეც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დგომა, სხვაგვარად ყველა ერს ძალიან გაუჭირდება გადარჩენა იმ გამოწვევებით სავსე და საომარ ეპოქაში. ეს გამოსვლა კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნება გასაანალიზებელი და ყველანაირი ფსევდოლიბერალური წივილ-კივილის გარეშე უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე – ჩვენ გვაქვს პატარა სახელმწიფო, რომ ეს პატარა სახელმწიფო არის დიდი ისტორიის, კულტურის მქონე და ყველა უნდა გავერთიანდეთ იმაში, რომ უზრუნველვყოთ ამ ქვეყანაში ერთმანეთის უფლებების დაცვა, რწმენის დაცვა ისე, რომ არავის უფლება არ დაირღვეს. როგორც ჩვენი წინაპრები იყვნენ ტოლერანტები, ასე მოვუფრთხილდეთ თითოეულის მოსაზრებას და პოზიციებს. გავძლიერდეთ, რომ თუკი ზოგიერთი სახელმწიფო შეიძლება მომავალში ამ გამოწვევებიდან დასუსტებული გამოვიდეს, ჩვენ ყველაფერი ვიღონოთ, რათა არ დავსუსტდეთ. დიდი სახელმწიფოსთვის შეიძლება, ეს არაფერი იყოს, მაგრამ ჩვენთვის თითოეული დარტყმა შეიძლება აღმოჩნდეს ფატალური და ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.