რუსეთის სისუსტის გამოყენებისა და კოლონიური მარწუხებისგან გათავისუფლების ნაცვლად, „ქოცებმა“ სამშობლოს გაყიდვასა პატრიოტიზმი დაარქვეს, ქვეყნის გაჩაჩანაკებას – მშვიდობა, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რეალობის დამახინჯებით ცდილობს, ხელისუფლებაში ყოფნა გაყიდოს.
„საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე როდესაც ვლაპარაკობთ, ელჩები როდესაც ლაპარაკობენ საქართველოს სწორ პოზიციონირებაზე, ამის არცერთ ეტაპზე არავის მხრიდან არ ყოფილა ნათქვამი სანქციებზე მიერთება, ან სანგრების გათხრა და ფრონტის ხაზის გაკეთება. ეს არის თავიდან ბოლომდე მოსკოვში დაწერილი იდიოტიზმი, რომელსაც სალაფავად აჭმევენ ქართველ ხალხს. ზემოქმედებენ შიშებზე, რომლებიც ძალიან ბუნებრივია, რადგან 14 წლის წინ რუსული ინტერვენცია იყო.
მე ყოველთვის მინდა, ამის მიღმა საქართველოს მოქალაქეებმა ერთი მაგალითი დაინახონ. როდესაც რუსეთი სუსტია და არ აქვს უნარი რაღაცებზე გიპასუხოს, ეს მომენტი სტრატეგიულად უნდა გამოიყენო. ეს არის გეოპოლიტიკური მოქმედების ანაბანა. ამის მაგალითად იხილეთ სომხეთი და აზერბაიჯანი. დღეს რუსეთი ისეთი სუსტია, როგორიც ბოლო 20 წლის განმავლობაში არ ყოფილა. სომხეთმა და აზერბაიჯანმა რუსეთის ეს სისუსტე გამოიყენეს, რომ განთავისუფლებულიყვნენ დამპყრობლისა და კოლონიზატორის ბოლო მარწუხებისგან. დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის უსაფრთხოების გარანტორი არის აშშ და არა რუსეთი. რუსეთი როგორი გარანტორია უსაფრთხოების, უკრაინაში რომ წახვიდეთ, ჩვენს მეზობლად ნახეთ. რუსეთი, რომელიც იყო უსაფრთხოების გარანტორი სომხეთისთვის, თავისი ერთი მოკავშირე ან მეორე მოკავშირე ვერ დაიცვა. რუსეთი ასეთია, მხდალია, ასეთი იყო ერეკლე მეორეს დროსაც და ასეთია დღესაც. ნაცვლად იმისა, რომ ეს მომენტი გამოიყენო და განთავისუფლდე კოლონიური მარწუხებისგან, „ქოცებმა“ სამშობლოს გაყიდვას დაარქვეს პატრიოტიზმი. სამშობლოს გაჩაჩანაკებას და მარგინალიზაციას უწოდეს მშვიდობა. დღეს საქართველო სამხედრო თუ ეკონომიკური თვალსაზრისით ისეა დამოკიდებული თავის დამპყრობელზე, როგორც არ ყოფილა დამოუკიდებლობის დღიდან არცერთ მომენტში. ეს არის რეალობა, რომლის დამახინჯებული ფორმითაც „ქართული ოცნება“ ცდილობს, საკუთარი ხელისფლებაში ყოფნა გაყიდოს“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის ელჩებმა, ოლივიე კურტომ, პეტერ ფიშერმა და გარეთ უორდმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს სათაურით: „უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავი: რა დევს სასწორზე საქართველოსთვის“.
სტატიის თანახმად, მტკიცება, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა ან დიდმა ბრიტანეთმა მოუწოდეს საქართველოს ამ კონფლიქტში მეორე ფრონტის გახსნისკენ, მცდარია და წარმოადგენს დეზინფორმაციას.






