კანონპროექტი, რომელიც სამინისტრომ წარადგინა, არ ემსახურება სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. მას სრულიად სხვა მიზნები აქვს და არაფერი აქვს საერთო ღირსეული განათლების სისტემის შექმნასთან, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდის წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, საჭიროა, განათლების რეფორმა იყოს თანმიმდევრული, მდგრადი და არა – ნაჩქარევი.
„დღეს ვსაუბრობთ განათლების რეფორმაზე. მიუხედავად ამ საკითხის აქტუალურობისა, ამ თემაზე თქვენ მიერ ინიცირებული კანონპროექტის განხილვას მხოლოდ ორი დღე ეთმობა. დღეს ჩვენ გვიყურებს ათასობით მშობელი, ლექტორი და სტუდენტი, რომლებიც საუნივერსიტეტო ცხოვრების ნაწილი არიან. ჩვენ გვიყურებს 125 000-მდე სტატუსშეჩერებული სტუდენტი, რომელთა მთავარი გამოწვევა განათლების სრულფასოვანი მიღებაა. ჩვენ ახლა გვიყურებენ განათლების ექსპერტები და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, რომელთა ჩართულობით ჩვენს ქვეყანაში ქმედითი ნაბიჯები გადაიდგა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. მსოფლიოში დემოკრატიულ და განვითარებულ ქვეყნებში განათლების რეფორმები მიმდინარეობს წლების განმავლობაში, რათა მათში გათვალისწინებული იყოს ქვეყნის ახალი თაობის საუკეთესო ინტერესები. ფინეთში განათლების რეფორმას 20 წელი დასჭირდა, ავსტრალიაში რეფორმამდე ხუთი წელი მიმდინარეობდა მუშაობა კვლევაზე, რეფორმის მოდელირებაზე და რისკების შეფასებაზე. დიდ ბრიტანეთშიც ხანგრძლივი პროცესი ემყარებოდა კვლევას და მოსალოდნელი შედეგების გაცნობიერებას. ყველა ქვეყანაში მაღალია აკადემიური პერსონალისა და ახალგაზრდების ჩართულობა რეფორმირების პროცესში. ჩვენს ქვეყანაში, სადაც უდიდესი გამოწვევებია განათლების ხარისხის მიმართულებით, რასაც თქვენ აღიარებთ კიდეც, რატომ ვაკეთებთ დაჩქარებულად განათლების უმნიშვნელოვანესი კომპონენტის, უმაღლესი სასწავლებლების შესახებ კრიტიკულად მნიშვნელოვან საკანონმდებლო ცვლილებებს? თქვენ მიერ შექმნილმა სისტემამ რომ არ ივარგოს? ვინ იღებს პასუხისმგებლობას მოსახლეობის წინაშე? თქვენმა არცერთმა წინამორბედმა ჯერჯერობით არ აგო პასუხი იმ მავნე გადაწყვეტილებების გამო, რომლებითაც განათლების სისტემა მოიყვანა ამ მდგომარეობამდე. კანონპროექტი, რომელიც სამინისტრომ წარადგინა, არ ემსახურება არსებულ გამოწვევას – სწავლის ხარსხის გაუმჯობესებას. მეტიც, მას სრულიად სხვა მიზნები აქვს და არაფერი აქვს საერთო ღირსეული განათლების სისტემის შექმნასთან. ის ემსახურება სისტემის მეტ პარტიულ დაქვემდებარებას, აკადემიური თავისუფლების კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას, უნივერსიტეტის ავტონომიის გაქრობას, განსხვავებული აზრის დევნას და ხარჯების შემცირებას. განათლებისადმი მიდგომებს ჩვენს ქვეყანაში სამინისტროს ყოველი ახალი ხელმძღვანელობა ცვლის, ყოველი ახალი მინისტრი „ოცნების“ პირობებში ახალი ინიციატივით მოდის და ძველი მიდგომების გაუქმებით იწყებს. საბოლოოდ მივიღეთ ის მდგომარეობა, რაც გვაქვს. ეს დამღუპველია, რადგან განათლების ხარსხის გაუმჯობესებაზე თუ ვსაუბრობთ, საჭიროა, რეფორმა იყოს სტაბილური, თანმიმდევრული, ხანგრძლივი და მდგრადი. ის არ უნდა იყოს ნაჩქარევი. კანონპროექტის წარმდგენს დავუსვი შეკითხვები სამივე მოსმენების ფარგლებში – რატომ ხდება ასეთი მნიშვნელობის კანონპროექტის განხილვა მხოლოდ ორ დღეში და დაჩქარებულად, რაზეც ვერ მივიღე დასაბუთებული პასუხი; რატომ გვჭირდება ასე მალულად კანონის მიღება, რომელზეც პოზიციონირებთ, რომ ის აუმჯობესებს უმაღლესი განათლების სწავლის ხარისხს? თითქოს ამაში ხომ ყველა დაინტერესებული ვართ? კითხვები დავსვი, რა კვლევებს ეფუძნება წარმოდგენილი პროექტის შექმნა, შრომის ბაზრის რომელი კვლევებით ჩამოაყალიბეთ არსებულ პროექტში ნახსენები მიდგომები? თუმცა ამ კითხვებზეც მხოლოდ დანაპირები მივიღე, რომ კვლევები იქნება მომავალში. დიახ, დავეთანხმები ჩემს კოლეგას, ეს ჩვენს ეპოქაში ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური და მნიშვნელოვანი რეფორმაა, თუმცა მისი მიზანი არაა სწავლის ხარისხის გაუმჯობესება“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
როგორც ხვედელიანმა აღნიშნა, კანონპროექტით, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის შემოწმების პროცედურა პრაქტიკულად უქმდება, რაც, ხვედელიანის თქმით, უარყოფითად აისახება საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხზე.
„მინდა, დეტალურად შევეხო კანონპროექტში არსებულ მუხლებს, რომლებიც უმძიმესი იქნება უმაღლესი განათლების მიმართულებით ჩვენს ქვეყანაში. ამ კანონპროექტით აკრედიტაცია, როგორც სახელმწიფო დაფინანსების მიღების წინაპირობა, პრაქტიკულად, უქმდება. აღნიშნული კი, თავის მხრივ, გამოიწვევს იმას, რომ აკრედიტაციის ფარგლებში ხარისხის შემოწმებას არ გაივლის არც საჯარო უნივერსიტეტების ფარგლებში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, რადგან ისინი დაფინანსდება მიუხედავად აკრედიტაციისა, და არც კერძო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები, რადგან ისინი საერთოდ არ დაფინანსდება. შედეგად, საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის შემოწმების პროცედურა, პრაქტიკულად, უქმდება, რაც, ცხადია, უარყოფითად აისახება საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხზე. ეს მაშინ, როდესაც როგორც განმარტებით ბარათშია მითითებული, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მნიშვნელოვან ნაწილს, როგორც თქვენ გვეუბნებით, არ აქვს მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო პროგრამები. ნაცვლად იმისა, რომ გაძლიერდეს პროგრამების ხარისხის შეფასების სისტემა, იგი, პრაქტიკულად, უქმდება და ხარისხის უზრუნველყოფის გზად მიჩნეულია მთავრობის მიერ უსდებისთვის განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის დადგენა. მთავრობის მიერ უსდებისთვის განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალის განსაზღვრა და ყოველწლიურად მისაღები სტუდენტების რაოდენობის დადგენა აბსოლუტურად ეწინააღმდეგება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიურობისა და აკადემიური თავისუფლების პრინციპებს. აღნიშნული სრულ წინააღმდეგობაში მოდის ბოლონიის პროცესთანაც“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.
ხვედელიანის თქმით, ბოლონიის პროცესის ფარგლებში, ტირანას კომუნიკეთი საქართველომ აიღო ვალდებულება, ხელისუფლებამ უზრუნველყოს საჭირო პირობები ინსტიტუციური ავტონომიის რეალობად ქცევისთვის.
„ხელისუფლებას ევალება, უმაღლეს სასწავლებლებს მისცეს საკუთარი მისიების ზედმეტი ჩარევის გარეშე განხორციელების საშუალება. მმართველობის ჩარჩოებმა და ორგანიზაციულმა მოწყობამ უნდა უზრუნველყოს ინსტიტუციური ავტონომია და აკადემიური ინსტიტუტების თვითმმართველობა. ხელისუფლებამ, კერძო დამფინანსებლებმა და დონორებმა უნდა უზრუნველყონ ისეთი დაფინანსება, რაც უზრუნველყოფს ინსტიტუტების მიერ ინსტიტუციური პრიორიტეტებისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას; ინსტიტუციური ავტონომია ბოლონიის პროცესის ფარგლებში განმარტებულია, როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნება და უნარი, რომ შეასრულოს საკუთარი მისია ზედმეტი ჩარევის გარეშე, განსაზღვროს და განახორციელოს საკუთარი პრიორიტეტები და პოლიტიკა ფინანსების, პერსონალის და აკადემიური საკითხების შესახებ; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უნდა სარგებლობდნენ აკადემიური ავტონომიით, რათა უზრუნველყონ აკადემიური საზოგადოების ცალკეული წევრები აკადემიური თავისუფლებით, რაც აკადემიური ავტონომიის ნაწილია; უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა შეეძლოთ გადაწყვეტილების მიღება ჩარიცხვაზე, სასწავლო გეგმების შემუშავებაზე, პროგრამების დაწყებასა და შეწყვეტაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია, ეს კანონპროექტი პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში ბოლონიის პროცესთან. ბოლონიის პროცესის კონტროლის ჯგუფს შეუძლია, გადაწყვიტოს წევრის ან საკონსულტაციო წევრის სტატუსის შეჩერება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ზოგიერთ ან ყველა საქმიანობაში, თუ წევრი ქვეყანა ახორციელებს პოლიტიკას ან ქმედებებს, რომლებიც მნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ვალდებულებებს, წარმოადგენს მისი ღირებულებების მნიშვნელოვან დარღვევას ან აქვს აშკარად საჯაროდ გამოხატული ასეთი განზრახვა. წარმოდგენილი ცვლილებები იმ მასშტაბით ზღუდავს უნივერსიტეტების ავტონომიას, რომ აუცილებლად მიგვიყვანს ბოლონიის პროცესიდან გარიცხვამდე ან ჩვენი სტატუსის შეჩერებამდე. გარდა ბოლონიის პროცესისა, ცვლილება წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთანაც. კონსტიტუციის 27-ე მუხლის მიხედვით, აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია. კანონპროექტი არღვევს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომიას, ასევე აკადემიურ თავისუფლებას, რადგან სწორედ უნივერსიტეტების ავტონომიურობა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი უნივერსიტეტებში აკადემიური თავისუფლებისა. განმარტებით ბარათში მითითებულია, რომ უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღებისას კვოტების რაოდენობრივი განაწილება ამჟამად არ ეფუძნება შრომის ბაზრის არსებული და პოტენციური მოთხოვნების სიღრმისეულ ანალიზს. კანონპროექტის იმპლემენტაციის დაწყება მოხდება ისე, რომ ეს კვლევა არ იქნება გაანალიზებული, ისიც არაა ცნობილი, იყო თუ არა ეს კვლევა სწორად დაგეგმილი და ჩატარებული. ცხადია, საკუთარი შეხედულებებისა და სადამსჯელო მექანიზმად იქცევა მთავრობის აღნიშნული უფლებამოსილება და მას არაფერი აქვს საერთო შრომის ბაზრის მოთხოვნებზე საუნივერსიტეტო განათლების მორგებასთან.
კანონპროექტიდან ცხადია, რომ სახელმწიფო დაფინანსებას უზრუნველყოფს მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში სტუდენტებს აღარ ექნებათ სახელმწიფო დაფინანსების მიღების შესაძლებლობა. აღნიშნული წინააღმდეგობაშია, პირველ რიგში, საქართველოს კონსტიტუციასთან, რადგან კონსტიტუციის 27-ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეებს უფლება აქვთ, კანონით დადგენილი წესით სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათლება. გარდა ამისა, კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არაფერს ამბობს ახალი დაფინანსების მოდელზე, რომელიც უნდა დადგინდეს მთავრობის დადგენილებით. აღნიშნული ინფორმაციის გარეშე, ცხადია, მოკლებულები ვართ საშუალებას, ვიმსჯელოთ ახალი დაფინანსების მოდელის უპირატესობაზე.
დავუბრუნდები ისევ ბოლონიის პროცესსა და ტირანას კომუნიკეს, რომელიც ხელისუფლებას აკისრებს ვალდებულებას, რომ უმაღლესი განათლების მარეგულირებელი ჩარჩოს ჩამოყალიბების პასუხისმგებლობა უნდა განახორციელოს უმაღლესი განათლების საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით. კონკრეტულად, მან უნდა უზრუნველყოს, რომ საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩოები ხელს უწყობდეს და უზრუნველყოფდეს უმაღლესი განათლების საზოგადოების ინსტიტუციურ ავტონომიას, აკადემიურ თავისუფლებას და თვითმმართველობას. ხელისუფლებამ უნდა მიიღოს კონსულტაცია უმაღლესი განათლების სექტორისგან, უნივერსიტეტების შიდა დეპარტამენტების, შესაბამისი გარე დაინტერესებული მხარეებისგან და ჩართოს ისინი ამ ჩარჩოების კონფიგურაციისა და შინაარსის შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ცარიელია კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციების გრაფა, მის მომზადებაში და განხილვაში არ ყოფილან ჩართული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დაინტერესებული საზოგადოების წარმომადგენლები. ჩვენი საამაყო პროფესურა, რომელთა დამსახურებით საუნივერსიტეტო ცხოვრება ინარჩუნებს საკუთარ დატვირთვას განათლების სფეროში. შესაბამისად, აღნიშნულით და, მით უფრო, კანონპროექტის დაჩქარებულ ვადებში მიღებით, პროცედურული თვალსაზრისითაც ირღვევა ბოლონიის პროცესის ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებები. კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებით მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში აღარ იქნება სავალდებულო კვლევითი კომპონენტი. აღნიშნული მნიშვნელოვნად გააუარესებს მაგისტრატურის საგანმანთლებლო პროგრამების ხარისხს. ეს მაშინ, როდესაც კანონპროექტის ავტორები გვაჯერებენ, რომ კანონპროექტი მიმართულია „ხარისხიანი“ განათლების უზრუნველყოფისკენ. საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის უზურნველყოფის სისტემა ეფუძნება უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელთან თავსებადობა და შესაბამისობის ზრდა EHEA-ს წევრი ქვეყნებისთვის საკვანძო პასუხისმგებლობას წარმოადგენს და ამარტივებს წევრ ქვეყნებში მიღებული განათლების აღიარებას. ESG 2015-თან თავსებადობა ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის წინაპირობაა. აღნიშნულ ორგანიზაციებში წევრობა საქართველომ და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის ხუთწლიანი რეფორმის შედეგად 2019 წელს მოიპოვა, თუმცა 2024 წელს, ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებისთვის განსაზღვრული სტანდარტების დარღვევის საფუძველზე, EQAR-ში რეგისტრაცია დაკარგა, ხოლო ENQA-ს წევრობა „დაკვირვების ქვეშ“ სტატუსით შეიცვალა. ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს კი მიეცა ორი წლის ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად. წარმოდგენილი კანონპროექტი არათუ ხელს უწყობს აღნიშნული დარღვევების გამოსწორებას, არამედ დამატებით სტანდარტებთან შეუსაბამობის რისკებს ქმნის“, – აღნიშნა ტატა ხვედელიანმა.
ხვედელიანის განცახდებით, „კონცეფციაში წარმოდგენილი საკითხები და უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი წინააღმდეგობაში მოდის უმაღლესი განათლების ავტორიზაციის სტანდარტებით გათვალისწინებულ საკითხებთან, როგორიც არის უნივერსიტეტის ავტონომია და პასუხისმგებლობა, საკუთარი რესურსების შესაბამისად განსაზღვროს სტუდენტთა მისაღები კონტინგენტი (2.3), თავად განსაზღვროს და დაასაბუთოს აკადემიური, სამეცნიერო კვლევითი მიმართულებები (3.1; 6.1), შეიმუშაოს პერსონალის, მათ შორის აკადემიური პერსონალის საკადრო პოლიტიკა (4.1), საუნივერსიტეტო პოლიტიკის და სტრატეგიის შესაბამისად“.
„სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის ცენტრალიზებულად დაწესებული მოთხოვნები და მათი შეუსაბამობა მოქმედ ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებთან აჩენს კერძო და საჯარო უნივერსიტეტების განსხვავებული მიდგომით შეფასების პირობებს. განსხვავებული მიდგომები საერთაშორისო დონეზე იწვევს ეჭვს ქვეყანაში მოქმედი უნივერსიტეტების ხარისხის სანდოობის მიმართ. აღსანიშნავია, რომ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრმა არ გამოიყენა მისთვის ხარვეზების გამოსასწორებლად მიცემული ორი წლის ვადა და 2025 წლის აგვისტოში შეიტანა განაცხადი ENQA-ში წევრობის სტატუსის აღდგენის მიზნით ხელახალი შეფასებისთვის. აღნიშნული პროცესის ფარგლებში, ENQA-ს ექსპერტები 2026 წლის თებერვალში ვიზიტის ფარგლებში გადაამოწმებენ საქართველოს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან. უმაღლესი განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებები, ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი საკითხები ვერ უზურუნველყოფს აღნიშნული შეფასების წარმატებით გავლას, შლის პროცესს და კიდევ ერთხელ ზიანს აყენებს საქართველოს უმაღლესი განათლების რეპუტაციას. სინამდვილეში, ეს ნაჩქარევი, არალოგიკური და სწავლის ხარისხის მაკომპრომენტირებელი ე.წ. რეფორმა არის მხოლოდ ივანიშვილის მიერ აშენებული ქუთაისის უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსებაზე გადაყვანის პროცესი. ამიტომ გადაწყვიტეთ ამ რეფორმის სასწრაფო წესით ჩატარება. უმაღლესი განათლების შემოთავაზებული რეფორმა თავისი ხელოვნურობით წააგავს სააკაშვილის „100 ახალი საავადმყოფოს პროექტს“, რომლის შედეგების ყველაზე კარგი ილუსტრაციაა რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში: უზარმზარი, მრავალსართულიანი, ერთ დროს მრავალპროფილური, ახლა კი უფუნქციო, გამოშიგნული შენობა, წინ მიშენებული მომცრო კლინიკა და უწყლოდ დატოვებული ულაზათო შადრევანი ეზოში. კარგად დავფიქრდეთ, ამ რეფორმით ასეთი რამ არ შეგვრჩეს ხელში“, – განაცხადა ხვედელიანმა.








