მინდა ირაკლი კირცხალიას შევახსენო, რომ როდესაც ელიტურ კორუფციაზე უმისამართოდ ისვრის სიტყვებს, ასეთი ადამიანები საკუთარი გუნდის წევრებში ეძებოს - „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მას ძალაუფლების, დაგროვილი ქონების და ბიტკოინების შენარჩუნების გარდა, არაფერი ადარდებს! - ამის შესახებ ოპოზიციური ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
იგი გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს და განაცხადა, რომ მმართველობის მე- 14 წელს ძალაუფლების დაკარგვის შიშმა „ქართული ოცნება“ განსხვავებული აზრის მიუღებლობასთან და მის აკრძალვასთან მიიყვანა. ხვედელიანის შეფასებით, „ქართულმა ოცნებამ“ სახელმწიფო ინტერესები პირად კეთილდღეობაზე გაცვალა.
ტატა ხვედელიანმა მმართველი გუნდის მისამართით განაცხადა ისიც, რომ შეიძლება პოლიტიკური ოპონენტები გააჩერონ, მაგრამ ვერ გააჩერებენ ადამიანებს, ვინც პრობლემების მოგვარებას ითხოვს.
„შეგახსენებთ, ელიტური კორუფციის შედეგად თქვენი გუნდის წევრებს, რომლებიც დღესდღეობით ციხეში არიან, რადგან მათ მოსახლეობა გაძარცვეს: ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც თქვენი გუნდის პრემიერ-მინისტრი იყო, ჯუანშერ ბურჭულაძე, გრიგოლ ლილუაშვილი და ძალიან ბევრი სხვა ადამიანი.
ნაძალადევში მეათე სკოლის მოსწავლეთა მშობლები ქუჩას იმიტომ კეტავენ, რომ თქვენი გუნდი არის მძარცველების გუნდი და ქვეყანა ამ მდგომარეობაში არის თქვენი გუნდის ძარცვის გამო!“, - განაცხადა ტატა ხვედელიანმა.






