რეალურად, ეს არ არის ოპოზიციის ერთობა, პარტიების ნაწილის ერთობაა, რომლებიც ადრეც ერთად იყვნენ. არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ბოიკოტისტების, 4 ოქტომბერზე პასუხისმგებელი ადამიანების ერთობა. ახლა ისე იქცევიან, თითქოს არაფერი მომხდარა და მათ გამო ადამიანები ციხეებში არ სხედან, –  ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ კითხვას ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით.

„ისინი თანხვედრაში არიან საკუთარ მიზნებთან. 4 ოქტომბრის პროვოკაციის განმახორციელებლები არიან, რომელიც ხელისუფლებამ დაგეგმა, რათა კიდევ მეტად გაძლიერებულიყო. ამ ადამიანებმა „ოცნებას“ გაძლიერებისთვის იდეალური გარემო შეუქმნეს. „ნაცურ“ წარმომავლობას რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანები არიან ბოიკოტისტები. ჩვენ საბოლოო მიზნამდე 4-მა ოქტომბერმა დაგვაშორა“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ცნობისთვის, 2 მარტს რამდენიმე ოპოზიციური პარტიის შეხვედრა შედგა, რომლის შემდეგაც ნიკა გვარამიამ განაცხადა: ოპოზიციის ალიანსი შედგა, ჩვენ ვქმნით ერთობას ერთად გამარჯვებისთვის“.

შეხვედრის მონაწილე ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელსაც ხელს აწერენ: „ახალი“, „გირჩი“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“.