„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დაუშვებელია პარტიის მიერ საზღვარგარეთიდან შემოწირულობის მიღება - პოლიტიკური პარტიების უცხოეთიდან დაფინანსება, თუმცა კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, მათ მიერ ეშმაკურად დაგეგმილი სქემის მიხედვით, ქართული კანონმდებლობის გვერდის ავლით, უცხოეთიდან მაინც ფინანსდებიან და ამ ფინანსებს პირდაპირ პოლიტიკურ მიზნებს ახმარენ“, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა განაცხადა მედიასთან საუბრისას.
თამთა მეგრელიშვილის განმარტებით, პარტიების ნაწილი ცდილობს უცხოეთიდან უკანონო შემოწირულობა არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით არადეკლარირებულად მიიღოს. „დოკუმენტურად დასტურდება, რომ პოლიტიკური პარტიების მიერ გამიზნულად ხდება არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, შემდეგ მათი უცხოეთიდან დაფინანსება და ამ ფინანსების პოლიტიკური მიზნით გამოყენება. ჩემს ხელთ არსებული დოკუმენტაცია ეხება შემდეგ პარტიებს: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი - მეტი თავისუფლება“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“. „ნაციონალურ მოძრაობის“ მიერ პარტიულ საქმიანობაში გამოყენებული ერთ-ერთი აქტიურად არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირია „ანტიკორუფციული ცენტრი“ რომელიც პირდაპირ ემსახურება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურ მიზნებს და თავად „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა აღიარა, რომ ამ ორგანიზაციას საზღვარგარეთიდან აფინანსებდა დავით კეზერაშვილი.
ასევე, არასამთავრობო „სამოქალაქო პლატფორმა“ 20/20-ს „ნაციონალური მოძრაობის“ განაყოფს არჩევნების დროს იყენებენ, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციას. მისი ორი ლიდერი არის „ნაცმოძრაობის“ წევრი ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა და ამ არასამთავრობოს კიდევ ერთი ლიდერი დღეს არის ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას პარტია „ახალის“ წევრი. „გირჩი - მეტი თავისუფლება“ - პარტიის ლიდერები მონაწილეობენ ა(ა)იპ „ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის“ ღონისძიებებში და ამ იურიდიული პირის დამფუძნებლები და ხელმძღვანელი თავად არიან. „ევროპული საქართველო“ - უმეტეს პარტიულ აქტივობებს ახორციელებს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან ერთად: ა(ა)იპ „ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება“ „სამოქალაქო განათლების ფონდი“, რომელთა დამფუძნებელი და ხელმძღვანელი არის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი; ა(ა)იპ „თავისუფლების ინსტიტუტი“, რომლის გამგეობის წევრი არის თამარ ჩერგოლეიშვილი;
პარტიული ღონისძიებების თანაორგანიზატორად ასევე გამოდის „ტაბულა“.
ამ ორგანიზაციების მონაცემების ყოველი განახლებისას, რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად, მოთხოვნილი არის ხოლმე ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გათვლა არის უცხოური დაფინანსების მიღებაზე. პარტია „დროას“ დამფუძნებლებისა და ლიდერების მიერ დაფუძნდა ა(ა)იპ მოძრაობა „დროა“, რომელიც პარტიის ლიდერის, ელენე ხოშტარიას აღიარებითვე, ჩართულია პარტიული საქმიანობაში, მათ შორის - საარჩევნო კამპანიაში.
აღსანიშნავია, რომ ა(ა)იპ მოძრაობა „დროას“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე. „ხალხისთვის“ - პარტია „ხალხისთვის„ ლიდერი ანა დოლიძე პარტიულ ღონისძიებების უმეტესობას ატარებს ა(ა)იპ „პროგრესის ცენტრთან“ და ა(ა)იპ „ხალხისთვის“ მონაწილეობით.
პარტია „ხალხისთვის“ სხვა ლიდერებთან ერთად, ანა დოლიძე არის არასამთავრობო ორგანიზაცია „ხალხისთვის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე.
რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაცია - „პროგრესის ცენტრს“, მართალია, ანა დოლიძე ფორმალურად არ ფიქსირდება დამფუძნებლების ან ხელმძღვანელების სიაში, მაგრამ მისი კავშირი ამ ორგანიზაციასთან ორი გარემოებით დასტურდება: ორგანიზაციის იურიდიულ და ელექტრონული ფოსტის მისამართებად რეესტრში მითითებულია ანა დოლიძის საცხოვრებელი და ელექტრონული ფოსტის მისამართები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „პროგრესის ცენტრის“ დაფუძნების დღესვე დამფუძნებლებმა რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად აიღეს ამონაწერის ოფიციალური ინგლისური თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე. გიორგი ვაშაძე - „სტრატეგია აღმაშენებელი“ - გიორგი ვაშაძის დაფუძნებულია არასამთავრობო „ინოვაციებისა და განვითარების ფონდი“, რომლის დირექტორია გიორგი ვაშაძის მეუღლე ქეთევან სიჭინავა. სხვა პარტიების მსგავსად, აქაც ამონაწერის განახლებისას რეესტრის ქართულენოვან ამონაწერთან ერთად მოთხოვნილია ამონაწერის ოფიციალური ინგლისურენოვანი თარგმანი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზაციის შექმნა გათვლილი იყო უცხოური დაფინანსების მიღებაზე.
ფაქტია, პარტიები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების გზით ქმნიან ისეთ მექანიზმებს, რომელიც შესაძლებლობას მისცემს პარტიებს საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით მიიღონ არადეკლარირებული უკანონო შემოწირულობა, განსაკუთრებით უცხოეთიდან. ჩემ მიერ ჩამოთვლილი პარტიები საკუთარი არასამთავრობო ორგანიზაციებით ცდილობენ პოზიციონირდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებად, უფლებადამცველებად თუ არჩევნების დამკვირვებლებად და ვითომ მიუკერძოებელი ორგანიზაციის სახელით, ხელი შეუწყონ პარტიული პროპაგანდის დამკვიდრებას. ფაქტია, აღნიშნულ ორგანიზაციებს აქვთ პოლიტიკური ინტერესი, მესიჯები და დანიშნულება“, - წერს თამთა მეგრელიშვილი.