წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებული და უთანასწოროა. ჩვენი ერთიანობა და ხმების დაცვა არის საბოლოო წარმატების საწინდარი, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა, არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით, მოხალისეების მობილიზაციას იწყებენ.
„2024 წლის 26 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნის ხსნის, თავისუფალი არჩევანის და მოქალაქეების მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაცვის დღე. წინასაარჩევნო გარემო უკიდურესად პოლარიზებული, ძალადობრივი და უთანასწოროა. ჩვენი ერთიანობა და ხმების დაცვა არის საბოლოო წარმატების საწინდარი.
დღეს 15 ივლისია და ჩვენ ახალგაზრდებთან ერთიანობით უკვე დავიწყეთ წინასაარჩევნო გარემოს შესწავლა/შეფასება. პირველი, რაზეც გვინდა, მივიპყროთ ამომრჩევლის ყურადღება, არის ის, რომ პერიოდულად, აუცილებლად, გადაამოწმონ საკუთარი თავი ცესკო-ს საიტზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში. განსაკუთრებით საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვთ, საკონსულოში რეგისტრაციასთან ერთად, ცესკო-ს საიტზე გადაამოწმონ საკუთარი თავი ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რადგან ცესკო-ს სიაში თუ ვერ იპოვით თავს, ხმის მისაცემად მხოლოდ საკონსულოში რეგისტრაცია არ იქნება საკმარისი. ამასთანავე, ამ ახალგაზრდებთან ერთად, რომლებიც უკვე ჩართული არიან არჩევნებზე დაკვირვების პროცესში, ვიწყებთ მოხალისეების მობილიზაციას არჩევნების დღეს უბნებში დაკვირვების მიზნით. ჩვენი ერთიანობით გვინდა დავიცვათ თითოეული მოქალაქის არჩევანი, თითოეული ხმა გადამწყვეტი და დასაცავია. მოხალისეებს წინასწარ მივაწვდით ყველა საჭირო ინფორმაციას, რაც უნდა იცოდნენ ხმების დასაცავად. ასევე, ჩვენს სოციალურ ქსელებში განთავსდება რეგისტრაციის ფორმები, მაქსიმალურად შევეცდებით, შევქმნათ ხელსაყრელი პირობები. მოხალისედ რეგისტრაცია მარტივია: უნდა მიუთითოთ სახელი, გვარი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და თქვენთვის ხელსაყრელი ქალაქი, რაიონი ან სოფელი, საიდანაც შეძლებთ ჩვენი ქვეყნისა და მომავლის დაცვას. რაც მეტი ვიქნებით, უფრო დამაჯერებელი იქნება ჩვენი გამარჯვება, ერთიანობით ვიგებთ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.