როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვა და საერთოდ რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, რომ თქვენთვის არასასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ? - კითხვით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შდაგანასწესთან დაკავშირებით, რომლითაც პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.

„ბატონო შალვა დღეს დილით გავიღვიძეთ და დაგვხვდა სიურპრიზად თქვენი ბრძანება, რომლითაც ჟურნალისტებს უკრძალავთ პარლამენტის აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციას. თქვენ ხართ ის ადამიანი, რომელიც ბევრ წიგნს გამოსცემდა GIZ -ში მუშაობისას, გამოხატვის თავისუფლებაზე, უფლებებთან დაკავშირებით. თუ გიფიქრიათ იმაზე, ეს რა შედეგის მომტანი იქნება. როგორ შეფასდება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ ჟურნალისტთა უფლებების ასეთი შეზღუდვა და საერთოდ, რა დაგვხვდება ხვალ კიდევ სიურპრიზის სახით, იქნებ ჩვენც აგვიკრძალოთ შენობაში შემოსვლა მალე, იმიტომ, რომ თქვენთვის არასასიამოვნო მოსაზრებები არ გამოვხატოთ?“- განაცხადა კორძაიამ.

თამარ კორძაიას შეკითხვას პარლამენტის თავმჯდომარემ რეპლიკით უპასუხა:

„ქალბატონო თამარ, უპირველეს ყოვლისა, რასაც ვცდილობდი მე მაშინ, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებიდან, ეს იყო იურისტების კომპეტენციის ამაღლება, ეს იყო მთავარი მიზანი. თქვენს შემთხვევაში, როგორც ჩანს, ვერ მივაღწიეთ ამ მიზანს“.

ცნობისთვის, პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს.