საქართველოში განათლების სისტემას 83 წლის ადამიანი გაანადგურებს, თუ 23 წლის, ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს - ამის შესახებ „ფორმულას“ ეთერში ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ამბობს, რომ "83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი, არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო".
„83 წლის ადამიანი გაანადგურებს საქართველოში განათლების სისტემას, თუ 23 წლის ადამიანი, ამას ნამდვილად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. კარგად ვიცით როინ მეტრეველის წარსული, სულით საბჭოთა ადამიანი, რომლისთვისაც აბსოლუტურად... მეუხერხულება იმ ტექსტის გამეორება, რასაც ვუსმენდი, როგორ ცდილობდა მიეღწია ღარიბაშვილთან შეხვედრას და საამისოდ ყველაფრისთვის მზად იყო. ამაზრზენი იყო. როინ მეტრეველი ჩემი აზრით დღესვე უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ ადამიანი, რომელიც ვერც კი გრძნობს რას აფუჭებდა ქვეყანაში და დღეს ალბათ რევანშისთვის ემზადება, რა გადადგომაზეა საუბარი.
სახალხო დამცველისგან ნამდვილად გაურკვეველია ასეთი შეფასება, იმიტომ რომ აქ მ თავარია ის, რომ უნდა ამხილო ხელისუფლება და ეს არის სიტყვის, გამოხატვის თავისუფლების ნაწილი, პირდაპირ მედიის ფუნქციაა და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს აქ ასაკს“,- განაცხადა თამარ კორძაიამ.
ცნობისთვის, "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ბექა ყორშია როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი, აკა მამაცაშვილი. მან მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
როინ მეტრეველი უპრობლემოდ დათანხმდა და უთხრა, რომ აკადემია "სრულფასოვნად" უჭერს მხარს მმართველ გუნდს. ჟურნალისტს მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირაში 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მას და პრემიერს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, საქმისთვისაა საჭირო.