„თინა ხიდაშელი საქართველო-ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას რომ აკრიტიკებს, მაშინ, როცა მისი არასამთავრობო ორგანიზაცია ტაივანიდან ფინანსდება, ეს იგივეა, რომ ვიღაც არაღიარებული აფხაზეთიდან ან ოსეთიდან ფინანსდებოდეს და საქართველოს აკრიტიკებდეს“, - ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.
თამარ ჩიბურდანიძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომსაც შეეხო და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იზიარებს მოძრაობის ინიციატივას - გამოძიებულ იქნას ეს ომი.
„როგორი ქართველი უნდა იყოს, რომ ძალიან არ სტკიოდეს აფხაზეთი და სამაჩაბლო. როგორი პოლიტიკა შეიძლება მიაწოდო ქართველებს, რომელიც არ იგივდება საქართველოს ერთიანობასთან. თუ შენი იდეაფიქსი არ არის საქართველოს გაერთიანება და ამის გარშემო არ ტრიალებს მთელი სახელმწიფო და საგარეო პოლიტიკა, მაშინ ეს ქართველებისთვის მიუღებელია. არც დასავლეთთან, არც აღმოსავლეთთან, არც ჩრდილოეთთან და არც სამხრეთთან არ მინდა კავშირი, თუკი ისინი საქართველოს ერთიანობაში არ მოიაზრებენ. 30 წელი ვტკეპნით ერთსა და იმავე ადგილს და საქართველოს ერთიანობას ვერ მივაღწიეთ. რატომ, რამეში შევეწინააღმდეგეთ დასავლეთს, რამე არ გავაკეთეთ მათთან ერთად თუ რატომ ვერ მივიღეთ ტერიტორიული მთლიანობა? პირიქით, 2008 წელს უფრო დიდი ტერიტორიები დავკარგეთ.
შესაბამისად, დიახ, 2008 წლის ომი უნდა იქნას გამოძიებული და ყველა კითხვაზე უნდა გაეცეს პასუხი - რა იყო ეს, გარიგება სააკაშვილსა და რუსეთს შორის? საქართველოს ტერიტორიებით ივაჭრეს რუსეთმა და სააკაშვილმა? შედეგების მიხედვით, ეს არ იყო სპონტანური ომი, ეს იყო წინასწარ დაგეგმილი ომი, რაღაც შედეგის მისაღებად. ეს აწყობდა რუსეთს და იმას, ვინც ეს რუსეთს გაუკეთა“, - განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.