„არ მინდოდა ამ სიტყვების ღიად დაწერა, რადგან პატივს ვცემ იმ წლებს, როდესაც „ეროვნულ ფორუმში“ გუბაზ სანიკიძესთან ერთად ვიბრძოდი სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. პატივს ვცემ ყველა იმ ღირსეულ ფორუმელს, რომელიც დღესაც კაცობისა და გმირობის მაგალითია ჩვენთვის. გუბაზმა კი ყველა ის თანამებრძოლი შეურაცხყო, რომელიც წრფელი გულით წლების მანძილზე იბრძოდა იმ მკვლელების წინააღმდეგ, რომელთანაც ახლა თავად დგას." - ასე ეხმაურება მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე გუბაზ სანიკიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.
მინდა, ვკითხო გუბაზს, ვის უცხადებ ომს? იმ ვაჟკაცებს, რომლებიც შენ გვერდით უშიშრად იდგნენ და იცავდნენ სანდრო გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, გამცემლიძისა თუ სხვა ბიჭების ღირსებას? იმათ, ვისაც აგვისტოს ომის დროს საკუთარი ბეჭებით გამოჰყავდათ დაჭრილი ბიჭები ბრძოლის ველიდან? ვის უნდა ესროლო, მათ, ვინც გენდო და შენ გვერდით ტყვიაზე მიდიოდა ვანო მერაბიშვილის ბანდის წინააღმდეგ?
ვინ არის დღეს საქართველოს მტერი? ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ამდენი გაიღო საკუთარი ხალხისთვის თუ მიხეილ სააკაშვილი, რომლის წინააღმდეგ საბრძოლველად მოუწოდებდი მთელ საქართველოს?
ახალგაზრდა რომ იყო, კიდევ ვიფიქრებდი, რომ შეცდი, მაგრამ არც შენი ასაკი და არც შენი განათლება არ გაძლევს ამის უფლებას. გამოდის, რომ მაშინ, წლების განმავლობაში, ჩვენ გვატყუებდი და მაშინაც მათი ყოფილხარ. იმიტომ ხომ არ შლიდი ასიათასიან მიტინგებს? სახლში უშვებდი ყველას, ვისაც სისხლი უდუღდა და მზად იყო მიშას წინააღმდეგ ტყვიაზეც კი წასულიყო.
რას ეუბნები იმ კაცებს, რომლებსაც ასე მწარედ უღალატე და ახლა ომს უცხადებ? მე ხომ შენ გვერდით ვიყავი მთელი ის წლები და ვიცნობ იმ ღირსეულ ფორუმელებს, რომლებსაც შენსავით მრწამსი არ შეუცვლიათ და დღემდე ღირსეულად დგანან საკუთარ პრინციპებზე. არ გრცხვენია იმ გმირი ბიჭების, რომლებსაც ვერაფერი აშინებს სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში?
ჩვენ კი გვრცხცენია, რომ სულ რამდენიმე წლის წინ შენი თანამებრძოლი გვერქვა, ძალიან გვრცხცენია, რომ მიშასა და ვანოს დღეს გმირებს უწოდებ, გუშინ კი უშვერი სიტყვებით აგინებდი.
ომის დაწყება მხოლოდ გამბედავებს შეუძლიათ, ომის მოგება კი მხოლოდ გმირებს. თქვენ არც გამბედავები გყავთ და მით უმეტეს, არც გმირები. ასე რომ, ფუჭია თქვენი ქადილი და კიდევ შორს რომ არ წახვიდეთ, მარტივად გეტყვით, დაასრულეთ ის თამაში, რომელსაც პოლიტიკასთან შეხება არ აქვს. ქართველ ხალხს სიბრძნეს ვერ ასწავლით და კარგად იცი, ხალხი თავად გამოდის, თუკი ქვეყანას შველა სჭირდება. ქვეყანას და არა თქვენ, თავგზააბნეულ და ღირსებადაკარგულ ოპოზიციას“, - აღნიშნავს თამარ ჩიბურდანიძე.