ჯო ბაიდენისა და სი ძინ პინის შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. როგორც ის ამბობს ამერიკის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის არსებული გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმირების მცდელობა.
„დღეს მსოფლიოს ყურადღება ამერიკისკენაა მიმართული, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ჯო ბაიდენი და სი ძინ პინი. შეხვედრას წინ უსწრებდა მთავარი გზავნილი ორივე ლიდერის მხრიდან, რომ სურთ ურთიერთობების დალაგება. ვნახოთ, რამდენად შეძლებენ ამას მხარეები. ფაქტია, ამერიკის და ჩინეთის პრეზიდენტების შეხვედრა არის არსებული გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმირების მცდელობა.
ამ პროცესში კი, საქართველო წინ არის. შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი გლობალური პოლიტიკის ტრანსფორმაცია საქართველომ დაიწყო როგორც რეგიონში, ასევე კიდევ უფრო დიდი მასშტაბით, როდესაც არ დაემორჩილა ბოლო 2-წლიან მსოფლიო პოლიტიკურ დღის წესრიგს და ითამაშა საკმაოდ რისკიანი საკუთარი თამაშის წესებით. შედეგი, რომელიც ამ გააზრებულმა რისკმა მოგვცა, საუკეთესო აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, ევროპისთვისაც. ჩვენ რომ იგივე თამაში გვეთამაშა და მეორე ფრონტი გაგვეხსნა საქართველოში, ევროპას სივრცე აღარ დარჩებოდა ამ ჩიხიდან გამოსასვლელად. დღეს პოლიტიკურ ჩიხშია ამერიკაც. დაუმთავრებელია უკრაინის ომი და კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ახლო აღმოსავლეთში. ამერიკა არჩევანის წინაშეა - განაგრძოს იარაღის ენით საუბარი უკვე შორეულ აღმოსავლეთშიც, თუ დაიწყოს არსებული პოლიტიკის ტრანსფორმაცია? მითუმეტეს, მოდის საარჩევნო წელი ამერიკაშიც და თითქმის მთელს მსოფლიოში.
სავარაუდოდ, ბაიდენისა და სი ძინ პინის შეხვედრის თემა იქნება რუსეთიც და სამხრეთ კავკასიაც, კერძოდ, საქართველო. ამიტომ, ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ჩვენთვისაც. ყველასათვის ნათელია, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში ამერიკა არ ებრძოდა საქართველოში იმდენად რუსეთს, რამდენადაც ჩინეთს. არც ჩინეთთან გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტს მოჰყოლია მათი მხრიდან დიდი აღფრთოვანება, პირიქით. თუკი გავითვალისწინებთ სალომე ზურაბიშვილის ღიად გაცხადებულ სურვილს სი ძინ პინის გასამართლების შესახებ, მივხვდებით, თუ საიდან მოდის ეს დაკვეთა. ამ ყველაფერს თან ერთვის ამერიკის ახალი ელჩის განცხადებაც ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობებზე. ვისაც არ სურს საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობა, ის მაქსიმალურად ეცდება ჩინეთის გაშავებას რუსეთის თემით და ამით საბოლოოდ, ხელისუფლების გაშავებას „რუსეთუმეობით". ჭკვიანი მათ ადგილას უფრო ფრთხილი იქნებოდა განცხადებებში, რადგან, უნდა ხვდებოდნენ, რომ საქართველო წინ უსწრებს გლობალურ პროცესებს და არა პირიქით. ჩვენი „ოქროს პოზიცია" კი მათ აუცილებლად დასჭირდებათ," - წერს თამარ ჩიბურდანიძე.