ივანიშვილის კარზე კრიზისი შექმნა არა ღარიბაშვილმა, არამედ ივანიშვილის ქმედებებზე ქართველი ხალხის რეაქციამ და ქართველი ხალხის მხარდასაჭერმა სანქციებმა. არაფერ შუაშია საერთოდ ღარიბაშვილი, – ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ღარიბაშვილმა იმოქმედა იმ გარემოებებში, რაც ქართველი ხალხის გაუტეხელმა წინააღმდეგობამ შექმნა და ეს მოქმედებები ივანიშვილმა ღალატად ჩაუთვალა.

„სრული ბოდვაა საუბარი იმაზე, რომ ღარიბაშვილმა შექმნა რაღაც კრიზისი – ქართველმა ხალხმა შექმნა წინაპირობები, რაც სტატუსკვოს რღვევას გარდაუვლად აქცევდა და ღარიბაშვილი ამ რღვევის ნაწილია.

ოპოზიციური პარტიების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საქმე არ არის „ასავალ-დასავლის“ სუნიან ტლაპოში გორაობა და ივანიშვილის კარის ინტრიგების და მისი ჯამბაზების ურთიერთბრალდებების თუ ურთიერთცილისწამებების რჩევა.

ოპოზიციის საქმეა საქართველოს მოქალაქეებისთვის ალტერნატიული დღის წესრიგის შეთავაზება. ანუ ის, რასაც „ფედერალისტები“ ვაკეთებთ:

1. ქართულ საზოგადოებას ვპირდებით კანონის უზენაესობას და თავისუფალ, ნაფიცი მსაჯულების სასამართლოს;

2. ქართულ სახელმწიფოს ვპირდებით ძლიერ ჯარს და სარეზერვო სისტემას;

3. რეგიონებს ვპირდებით ცენტრის თავნებობის დასრულებას და ძლიერ თვითმმართველობას;

4. დევნილებს ვპირდებით რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი დანაშაულების გენოციდად შეფასებას, დამნაშავეების დასჯას და რუსეთის დასუსტებით სარგებლობას, იმისათვის რომ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ;

5. საქართველოს მოქალაქეებს ვპირდებით უსაფრთხოებას, ხარისხიანი განათლების და ხარისხიანი ჯანდაცვის უზრუნველმყოფ რეფორმებს, ზიანის შემცირებაზე მიმართულ ნარკოპოლიტიკას.

თქვენც ეს უნდა აკეთოთ, ნაცვლად ღარიბაშვილის, დიტო სამხარაძისა და „ასავალ-დასავლის“ სუნიანი ჭორების ქექვისა, თუ შეგიძლიათ, ცხადია. იმიტომ, რომ ეს არის პოლიტიკა. თუ არ შეგიძლიათ, სახლში წადით, ისედაც მოგიწევთ. მოკლედ, შეწყვიტეთ ქართველი ხალხის დამსახურების ღარიბაშვილზე მიწერა! შეწყვიტეთ ივანიშვილის კარის ინტრიგების ნაცარივით ქექვა! (ან არ შეწყვიტოთ და თავს დაგესხმებით ხოლმე, არაა პრობლემა)“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.