ყველაზე ძალიან ის ხალხი მძულს, როგორც ფენომენი (მათი პერსონები უინტერესოა), ვინც ქართველ ხალხს აბრალებს ყველაფერს, რაც რუსებმა დაგვაბრალეს: რომ ქართველ ხალხს ბელადი უნდა, რომ ქართველი მოძალადეა და თანასწორობაზე ვერ დაელაპარაკები, რომ ქართველები და რესპუბლიკური, დემოკრატიული წესრიგი შეუთავსებელია, რომ ქართველი ჩამორჩენილია. - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რუსების შექმნილი ქართველის ხატის მძევლები მძულს - მტრის მიერ შექმნილი კლიშეებით რომ ხელმძღვანელობენ და კოლექტიურ გუბაზს უდგამენ სალაფავად.
ქართველი ხალხი ევროპელია.
ქართველი ხალხი უკეთეს პოლიტიკურ ელიტას იმსახურებს და რასაც იმსახურებს, ის რომ მიიღოს ამისთვის საჭიროა, ოპოზიციურ ველზე მაინც იარსებოს თავისუფალმა კონკურენციამ და თავისუფალმა არჩევანმა.
ამიტომ უნდა ჩამოინგრეს სისტემა, რაც იმ პოლიტიკოსების ხელოვნურ "განულებაზე" მუშაობს, ვინც რომელიმე ბელადს, ან დონორს უპირისპირდება.
ქართველი ხალხის ნებაზე ძალმომრეობა უნდა დასრულდეს." - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის ორგანიზატორებმა, კანონის უკან გაწვევისთვის, მმართველ გუნდს 1 საათიანი ვადა მისცა. დროის ამოწურვის შემდეგ, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ცუცქირიძემ აქციის მონაწილეებს მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლისკენ მოუწოდა.
ცუცქირიძის თქმით, პროტესტი მშვიდობიანი მსვლელობა უნდა იყოს.
როგორც პარტია "ახალის" ლიდერმა ნიკა გვარამიამ მედიასთან განაცხადა, აქციის მონაწილეები საქართველოს პრემიერმინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
ნიკა გვარამიას თქმით, რუსული მთავრობა ქვეყანას ვერ მართავს. "მას მერე რაც კანონი მიიღეს, მოთხოვნა შეიცვალა"
მედიის კითხვაზე, რა საკითხზე სურს შეხვედრა პრემიერთან, გვარამიამ ასე უპასუხა: "კონკრეტული ვორდინგი უკვე გითხარით - საქართველო რუსული მთავრობის გარეშე!".
ასევე, გუშინ საქართველოს პარლამენტიმა პირველი მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი მიიღო
2024 წლის 16 აპრილს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს ხვალინდელ სხდომაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საკითხი სხდომის დღის წესრიგში შეტანილი არ არის..
2024 წლის 9 აპრილს "კი ევროპას! არა რუსულ კანონს!" - თბილისში მსვლელობა დაიწყო