ტექსტი არის შედგენილი თბილისში, ოღონდ, ამ ტექსტს ჰყავს ადრესატი, რისკმოშიში სტატუს-კვო ლოიალისტები, რომლებსაც ევოლუციურად აქვთ უცხოს შიში. ერთადერთი გზა, რეჟიმმა თავი დაიცვას იმისგან, რომ სტატუს-კვო არ ჩამოერღვეს, არის პროტესტის მიმართ რაღაც შიშების გაღვივება, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას, პარლამენტთან ბრიფინგზე საპროტესტო აქციების ერთ-ერთი მონაწილის, ლევან ჯობავას მიერ წაკითხულ ტექსტზე საუბრისას განაცხადა.

თამარ ჩერგოლეიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას – რატომ არ მოხდა ტექსტის ცვლილება და რას ნიშნავს ტექსტის ზემოთ მინაწერი, რომ დაუშვებელია რადიკალური ცვლილებების შეტანა ტექსტში.

„ეს არის „პრაიმ ტაიმის“ ტყუილი, თაკო ფხაკაძის მოგონილი, მაგ სიმართლით იაროს თაკო ფხაკაძემ, რომ ეგ ტექსტი დაიწერა ბრიუსელში, თუ ესმის ჩემი. არაფერი, სისულელეა ეს. „პრაიმ ტაიმი“ მაგისი არ არის? ბოლოს ვიცოდი, რომ მაგისი იყო. ჰოდა, თაკო ფხაკაძემ იაროს მაგ სიმართლით და ივლის კიდეც. ეს ტექსტი არის შედგენილი თბილისში, ოღონდ, ამ ტექსტს ჰყავს ადრესატი, რისკმოშიში სტატუს-კვო ლოიალისტები, რომელსაც ევოლუციურად აქვს უცხოს შიში. ერთადერთი გზა, რეჟიმმა თავი დაიცვას იმისგან, რომ სტატუს-კვო არ ჩამოერღვეს და რაზეც დგას, ის ბაზა ბოლომდე არ ჩამოერღვეს, არის ის, რომ რაღაც შიშები გააღვივოს პროტესტის მიმართ. ერთ-ერთი შიში არის უცხოსადმი შიში. თუ იტყვიან, რომ ეს პროტესტი არის უცხოეთიდან მართული, მაგ შემთხვევაში იმედი აქვთ, რომ 28 ნოემბერს ნაკლები ხალხი გავა აქციაზე და ამიტომ ატეხეს ისტერიკა“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისი თქმით, სინამდვილეში, არსებული პროტესტი არის ყველაზე ქართული პროტესტი, რაც კი ოდესმე ყოფილა.

„რეალურად, რაც ლევან ჯობავამ წაიკითხა, ის არის გორგასლის ანდერძი, ხალხო. ანუ, რაც ლევან ჯობავას ტექსტში წერია, სხვა სიტყვებით დაწერა თავის დროზე გორგასალმა, რომ არ მიატოვოთ ბერძენთა სიყვარული, არ მიატოვოთ ევროპაო“, – განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.