ჩვენ არა ხალხის, არამედ პოლიტიკური ელიტის პრობლემა გვაქვს - სინამდვილეში პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნია განათლება და ნებისყოფა. - წერს გამოცემა "ტაბულას" დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილის სოციალურ ქსელში:
"გუშინ, დაკარგული გოგონას ძიებისას, კიდევ ერთხელ გამოავლინეს საქართველოს მოქალაქეებმა, რომ როდესაც მისთვის ძვირფასს ეხებიან, მას აქვს თვითორგანიზების უნარი! „მისთვის ძვირფასს“ - საკვანძოა.
ბავშვის სიცოცხლე საქართველოს მოქალაქეებისთვის არის ძვირფასი, და როდესაც დახმარება ითხოვეს, ქართველი ხალხი, ათასობით ადამიანი, ერთმანეთთან შეუთანხმებლად ადგა, დიღომში გავიდა და ბავშვის ძებნა დაიწყო.
ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ შედარებით ნორმალური ვინც მგონია, მათაც კი დემოკრატიულ პროცესში რწმენის პრობლემა აქვთ.
ბევრია ელიტაში ისეთი, ვინც სიამოვნებით დაამყარებდა „სამართლიანთა და ჭკვიანთა“ დიქტატურას „ბნელი ხალხის“ ბედნიერ მომავალზე ზრუნვით.
პირველი ის, რომ ძნელია მათ გააგებინო, რომ ადამიანი ნაკლოვანი არსებაა და „სამართლიანები და ჭკვიანები“ არ დარჩებიან ასეთებად, თუ ისინი სისტემამ არ გააწონასწორა და ეს სისტემა ხალხის ჩართულობით მიიღწევა - მათ შორის, გაუნათლებელი ხალხის აბა "ხალხი ხომ ბნელია"? ამტკიცებენ და საბუთად განათლების კრიზისი მოყავთ. კი, მართლაც განათლების კრიზისი დგას - მასწავლებლები საკვალიფიკაციო გამოცდას ვერ აბარებენ, მოზარდებს მარტივი ტექსტიდან შინაარსი ვერ გამოაქვთ. მაგრამ კითხვა არ უჩნდებათ, შექმნა კი პოლიტიკურმა ელიტამ ისეთი განათლების სისტემა, სადაც ადამიანები სწავლას შეძლებენ?
როგორ უნდა მისცეს ადამიანებს განათლება სისტემამ, რომელიც განათლების გავრცელების ნაცვლად, ხელისუფლებისთვის ძალაუფლების შენარჩუნების სამსახურშია და მასწავლებლები ტროლებად მუშაობენ?
რომელიმე „ხალხზე“ ჭკვიანი ფიქრობს, რომ ამერიკული დემოკრატია როდესაც ფუძნდებოდა და დამფუძნებელი მამები ამ ულამაზეს სისტემას ქმნიდნენ - ამერიკელი ხალხი სულ წიგნების კითხვაში იყო ჩაფლული და დისერტაციებს იცავდა?
ვინმეს ჰგონია რომ ამერიკის მოქალაქეები ჯეფერსონები და ადამსები იყვნენ და ამიტომ გამოუვიდათ დამფუძნებელ მამებს ის, რაც გამოუვიდათ?
და კი - ხალხი კოლექტიურად ბრძენია და ეს არ არის არანაირ კავშირში თითოეული მათგანის განათლებასთან. მხოლოდ პოლიტიკურად უმეცარმა შეიძლება დაუკავშიროს ხალხის კოლექტიური სიბრძნე მათ ინდივიდუალურ განათლებას - ჭიანჭველებს, ჩიტებსაც ახასიათებს კოლექტიური სიბრძნე, არათუ ადამიანებს და ეს შესწავლილია.
ჩვენ არა ხალხის, არამედ პოლიტიკური ელიტის პრობლემა გვაქვს - სინამდვილეში პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნია განათლება და ნებისყოფა.
პოლიტიკური ელიტის გაუნათლებლობის და უნებისყოფობის გამო, ძნელია მათ გააგებინო, რომ სწორ სისტემას თუ ქმნი, იქ ხალხი თავისით მოწესრიგდება, როგორც ჭიანჭველები.
როცა თავად პოლიტიკურად უმეცარი და უნებისყოფო ხარ, თანაც ზრდის პრობლემა გაქვს (და ჩვენი საზოგადოება სავსეა ბავშვობაში გაჭედილი ზრდასრულებით, რომლებიც საკუთარი თავით ზომავენ სამყაროს სამართლიანობას), იოლია იმის თქმა, რომ „ხალხი ბნელია“. ამას ხელს ისიც უწყობს, რომ ინდივიდუალურად ბევრი იდიოტი გხვდება სოცქსელში, ქუჩაში... და ინდივიდუალური სულელები, ხალხის უვარგისობის დასტურად მოყავთ.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ჩვენ არა ხალხის - არამედ, ფართო გაგებით, პოლიტიკური ელიტის პრობლემა გვაქვს (ბოლშევიკების განაჟლეტზე ასეთი სარეველა ამოვიდა).
პოლიტიკურ ელიტას არ გააჩნია რესურსი მსჯელობით, კამათით და შეთანხმებით, დააფუძნოს ისეთი სისტემები, სადაც ბრძენი ქართველი ხალხი ჭიანჭველების, ან გადამფრენი ჩიტების გუნდის ალგორითმით მოწესრიგდება.
ამიტომ დგას და ხალხისკენ იშვერს ხელს, აბა საკუთარ თავს ხომ არ დააბრალებს იმას, რომ საკუთარი სიხარბის, უმეცრების და არაკეთილსინდისიერების გამო, პოლიტიკურ სისტემებზე დისკუსიის სივრცე გააქრო, თავისუფალი კონკურენცია შეზღუდა და პოლიტიკური დისკუსია შინააარსისგან მთლიანად დაცალა?
თუ გვსურს წინ წავიდეთ პოლიტიკურ ელიტაში ახალი, სისტემურად მოაზროვნე, პატიოსანი ადამიანები გვჭირდება და ხალხი თავისას იზამს!
ჩვენ ელიტაში გვაქვს პრობლემა.
და არა ხალხში."
დიდი დიღმის ტერიტორიაზე დაკარგული 11 წლის მარიამი იპოვეს, ის ჯანმრთელადაა და მშობლებთანაა