200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ?, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციის გეგმებთან დაკავშირებით განაცხადა.

თაკო ჩარკვიანის თქმით, ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი.

„თითქმის მთელი საქართველო, ის ამომრჩეველი, რომელიც ვიდექით საპროტესტო აქციაზე, გუშინ ველოდებოდით გეგმას, გეგმა არ გამოცხადდა. ითქვა, გეგმას გამოვაცხადებთო, ეს ნიუანსია აქ მთავარი. სოციალური ქსელი ერთია და ბრიფინგი – მეორე. ბრიფინგს როდესაც გეგმავს, იქ უნდა გაჟღერდეს გეგმა. საუბარი არაა იმაზე, რომ ყოველი ნაბიჯი ნიუანსებით იყოს გაწერილი. წავიკითხე ნიკა მელიას პოსტი, ვინც გეუბნებათ, რომ გაწერილი გვანახეთო. ამას არავინ სთხოვს, საუბარია იმაზე, რა ბრძოლას აპირებენ. ეჭვი რატომ შეიტანა საზოგადოებამ? 200 000 კაცი რომ მოვა რუსთაველზე და სახლში გაუშვებ, ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება. ხაზარაძემ თქვა, ნუ გვაბულინგებთო. კი არ ვაბულინგებთ, მივუთითებთ, რომ მეათედ არ მოუვიდეთ შეცდომა. ორშაბათი რა არის? რატომ შაბათ-კვირას არა, ორშაბათს სამუშაო დღეა. ხალხს უკვე კითხვები აქვს, კიდევ უნდა გვაპროწიალონ, თუ რა უნდათ? აბა, რომ ვიყავით, რატომ არ დაგვტოვეს?

განსაკუთრებით ოპოზიცია ქილიკობდა კარვებზე და ცარიელ კარავში ხომ არ ისხდებიან? რაღაც ხომ უნდა დააფინო და დაჯდე, ცივ ასფალტზე ახალგაზრდა ბავშვი და ხანშიშესული რომ დაჯდება, არ გაცივდეს. ამიტომ ვსაუბრობდი იმ ატრიბუტიკაზე. ანუ, სწორი ყოფილა. ეს ნიშნისმოგება კი არ არის, შეცდომის აღნიშვნაა ჭირისუფლურად, რათა კიდევ არ დაუშვან იგივე შეცდომა. რაც შეეხება ჯანყს, ეს არის ევროპული კონვენციით მონიჭებული უფლება და არამც და არამც არ გულისხმობს შეიარაღებას, მშვიდობიანი პროტესტია. მინდა, კიდევ ერთი რამ ვთქვა ფულიანი ოპოზიციისთვის. ახლა ოპოზიცია უნდა იყოს ერთი მთლიანი. ურთიერთობები არ უნდა ხდებოდეს იმის მიხედვით, ვის მოსწონს, მაგალითად, მამუკა ხაზარაძე ან ვიღაცამ ელისაშვილივით არ მოუხადა ბოდიში მამუკა ხაზარაძეს. მაგალითად, შალვა ნათელაშვილს ვერ ვხედავ, რომელიც მუდმივად თავის ორ პროცენტს დებს. შენ რა, უგულებელყოფ იმ ორ პროცენტს, თუ ხალხი არ არის? ვიდრე ეს დამოკიდებულება იქნება ოპოზიციაში, ვიდრე თანხა გადაწყვეტს, რომ მე სცენა მომაქვს, მომაქვს მიკროფონი და ამიტომ, ვინც მინდა, ის იქნება მიკროფონთან – არა, მიკროფონთან უნდა იყოს ხალხი“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

„კოალიცია ცვლილებების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ „ფეისბუქის“ მომხმარებლებს მიმართა, კარვები მიაწოდონ: „ვისაც საშუალო და დიდი კარვები გაქვთ, შეგვეხმიანეთ. თუ გვაჩუქებთ – გაგვეხარდება, თუ მოგვყიდით – მაინც გაგვიხარდება, რაოდენობა შეუზღუდავია“.