დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამი გმობს 2015 წლის 18 მარტს რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. ხელშეკრულებას.
ე.წ. ხელშეკრულება, ისევე როგორც გასულ წელს რუსეთის ფედერაციასა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებული "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ შეთანხმება" მიმართულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და წარმოადგენს ანექსიისკენ გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.
ეს უკანონო აქტი წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებისა და ნორმების უხეშ დარღვევას და არა აქვს იურიდიული ძალა- აღნიშნულია სუამის განცხადებაში.
დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ი მტკიცედ განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.




