ქართული „ენჯეოები“ საქართველოს მოსახლეობაში ძალიან დაბალი ნდობით სარგებლობენ, რაც მათ მიერვე ჩატარებული კვლევებიდან ჩანს. მიუხედავად ამისა, საქართველოს დასავლელი პარტნიორები ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის მართვა ამ „ენჯეოებს“ ჩავაბაროთ, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა გამჭვირვალობის კანონის გარშემო მიმდინარე პროცესებსა და საპროტესტო აქციების ორგანიზებაში არასამთავრობო სექტორის მონაწილეობის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„ზოგადად, ქართული „ენჯეოები“ საოცარი ფენომენია. ერთი წუთი რომ წარმოვიდგინოთ, რომ რომელიმე ამერიკულმა ორგანიზაციამ, მაგალითად, Freedom House-მა ან Human Rights Watch-მა თეთრი სახლის წინ მოაწყოს მიტინგი, დადგნენ ტრიბუნაზე ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელები და გამოაცხადონ – გადადგეს პრეზიდენტი ბაიდენი, გადადგეს კონგრესი და სენატი, ჩამოყალიბდეს ტექნიკური მთავრობა, რომელსაც ჩვენ ჩავუდგებით სათავეშიო, მეორე დღეს ისინი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები გაქრებიან, მათ მიმართ ნდობის კრედიტი დავა ნულზე და არცერთი დონორი მათ აღარ დააფინანსებს.

საქართველოში თავად NGO-ები აღიარებენ, რომ ყველა კვლევაში ნდობის რეიტინგის აუტსაიდერები არიან, მაგრამ ჩვენი „დაუძინებელი მეგობრები“ მაინც მოგვიწოდებენ, რომ მათ გარეშე არაფერი გავაკეთოთ, კანონებიც თურმე მათ უნდა დაწერონ და ჩვენ მხოლოდ ხმა მივცეთ ამ კანონებს; საკადრო საკითხებიც მათ უნდა გადაწყვიტონ და, პრაქტიკულად, მათ უნდა მართონ ქვეყანა. ბოდიში, მაგრამ ეს არ იქნება ასე“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.