„აღარ ჩამოვთვლი ახლა იმას, რასაც სამინისტრო აკეთებს - მუცოს რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, შატილი და ა.შ. მინდა რამდენიმე თხოვნა გავაჟღერო, რომელიც ამ ტრიბუნიდან არაერთხელ გამიჟღერებია - არხოტი, სოფელი ამღა. ყველამ ვიცით, არხოტის მოსახლეობა საქართველოს მეციხოვნეები და მენაპირეები იყვნენ და ჩრდილოეთიდან იცავდნენ საქართველოს საზღვრებს,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა პარლამენტის სხდომაზე მინისტრის საათის ფორმატში თეა წულუკიანის მოსმენისას განაცხადა.
სუბარის თქმით, მინისტრის დღევანდელ მოხსენებაში მისთვის სასიხარულო ბევრი ინფორმაცია მოისმინა, რაც კულტურის სამინისტროს მიმდინარე, თუ დაგეგმილ პროექტებს ეხება.
„დღეს აქ მოვისმინე რამდენიმე ინფორმაცია, რომელიც ძალიან გამიხარდა. ერთ-ერთი არის ის, რომ დაიწყო მთა-თუშეთის აღორძინება, კესალოს ციხე-კოშკების აღორძინება და ამასთან ერთად დარწმუნებული ვარ, ეს პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ მთელი მთა-თუშეთი აღვადგინოთ. ეს ულამაზესი მხარე ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ იქ ჩაიდოს ძალიან დიდი ინვესტიცია. დარწმუნებული ვარ ძალიან მალე, როდესაც ეს ყველაფერი განხორციელდება, მთა-თუშეთი იქნება ისევ ისეთი ხალხით სავსე, როგორც ეს ათეულობით წლის წინ იყო.
ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ დაიწყო, თუ დასრულდა სნოს ღუდუშაურების ციხე-გალავნის რესტავრაცია. გამიხარდა განსაკუთრებით იმიტომ, რომ მთელი ჩემი სტუდენტობა, მთელი ჩემი ახალგაზრდობა გატარებული მაქვს ამ მიდამოში ჩემს მეგობრებთან, ჩემს ნათელმირონებთან - გულაშვილებთან (გულაშვილებიც ღუდუშაურების განაყოფები არიან) და სულ ვფიქრობდი, რომ ამ ციხე-გალავნის რეაბილიტაცია უნდა მომხდარიყო და ახლა ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს მოვისმინე.
აღარ ჩამოვთვლი ახლა - მუცოს რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი, შატილი და ა.შ. მინდა რამდენიმე თხოვნა გავაჟღერო, რომელიც ამ ტრიბუნიდან არაერთხელ გამიჟღერებია - არხოტი, სოფელი ამღა. ყველამ ვიცით, არხოტის მოსახლეობა საქართველოს მეციხოვნეები და მენაპირეები იყვნენ და ჩრდილოეთიდან იცავდნენ საქართველოს საზღვრებს. ესენი იყვნენ ხელოვანები და არა მხოლოდ ხელოვანები, ეს არის ქართველი გმირების სამყარო. მხოლოდ გაბრიელ ჯაბუშანურის სახელი არის საკმარისი და ის პოეზია, რომელიც აქ იქმნებოდა. ეს იქნება ტურისტულად ერთ-ერთი ძალიან მნიშნელოვანი ადგილი, როდესაც მოხდება ამღას რეაბილიტაცია. მესმის, რომ შესაძლოა, ამ წუთში სამინისტროს ბიუჯეტში არ იყოს ეს ფული, მაგრამ პარლამენტმა მთავრობასთან ერთად იქნებ მოვითხოვოთ, რომ ეს თანხა გამოიყოს, რადგან ეს არის ადგილი, რომელიც არის საქართველოს ისტორია, საქართველოს სიამაყე და ამავე დროს, ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული ადგილი იქნება. წეღან გაბრიელ ჯაბუშანური ვახსენე და ეს არის ადგილი, სადაც ალუდა ქეთელაურის სახლია, რომელიც დღეს სალოცავია და რომელიც ვაჟა-ფშაველას აქვს აღწერილი.
მეორე ადგილი, სადაც ქალბატონ თეასთან ერთად ვიყავი, ეს არის რაჭის ულამაზესი სოფელი გოგოლათი. ამდენი რაჭული ოდები ერთად სხვაგან არსად არ არის. ესეც შეიძლება გახდეს ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული ადგილი და ამ თხოვნებით მინდა დავამთავრო ჩემი გამოსვლა, რომ ამ ადგილებს მივხედოთ. სვანეთზე არაფერს ვამბობ იმიტომ, რომ პირადი კონტაქტი მაქვს ძალიან ხშირად. უბრალოდ მინდა ერთ იდეაც გავაჟღერო, რაც შეიძლება საინტერესო იყოს. ქუთაისში არის ციხე, სადაც ჰყავდათ პატიმრები. დღეს ეს ციხე დაცლილია და ქალბატონი თეასთვის, როგორც იუსტიციის ყოფილი მინისტრისთვის, რომელიც დღეს მუზეუმების ზედამხედველი მინისტრია, შესაძლოა საინტერესო იყოს, რომ ამ ციხეში მოეწყოს მუზეუმი. დღეს ჩვენ აღარ გვაქვს ის ავადსახსენებელი მეხუთე საპყრობილე, პირველი საპყრობილე, ე.წ. „კრიტი“, რომლებიც საბჭოთა და მანამდე პერიოდის უამრავ ტკივილს და ადამიანების წამების უამრავ კვალს ინახავს, მაგრამ არის ქუთაისის ციხე, რომელიც ჯერ რუსეთის მეფის პერიოდში იყო საპყრობილე, შემდეგ - საბჭოთა პერიოდში, შემდეგ - დამოუკიდებლობის პერიოდში. ამ ციხეში დღემდე შემონახულია საკანი, სადაც სტალინი იყო გამომწყვდეული და მგონი, იქიდან გაპარვაც მოახერხა. ამიტომ, ვფიქრობ, შეიძლება საინტერესო იყოს ამაზეც რომ ვიფიქროთ. მე მგონი, ჯერ კერძო საკუთრებაში არ გადასულა ეს შენობა, თუმცა ქუთაისის ცენტრშია და ალბათ ბევრი მსურველი იქნება, რომ რაღაც ააშენოს ამ ციხის ადგილას,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.