არ ვიცი, რატომ მოიყვანეთ ბუნდესტაგის მაგალითი. რადგან ბუნდესტაგს ეტოლებით, კარგი იქნება თუ დაეტოლებით გერმანელი პენსიონერის პენსიას, გერმანელი მოქალაქის ხელფასს. კარგი იქნება თუ აქ დავეტოლებით და ვაჯობებთ. იმიტომ, რომ კეთილდღეობა და ეკონომიკა თუ იზრდება, ის მოქალაქეებისთვის უნდა გაიზარდოს, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა სოფიო ხორგუანმა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას.

„პატივისცემას დამსახურება სჭირდება, ბატონო შალვა, არა წნეხითა და შეურაცხყოფით. ჩვენი შეურაცხყოფით დაიწყეთ თქვენი გამოსვლა დღეს. პატივისცემა უნდა დაიმსახუროთ პასუხისმგებლობით, ღირებულებების დაცვით. არ ვიცი, რატომ მოიყვანეთ ბუნდესტაგის მაგალითი. რადგან ბუნდესტაგს ეტოლებით, კარგი იქნება თუ დაეტოლებით გერმანელი პენსიონერის პენსიას, გერმანელი მოქალაქის ხელფასს. კარგი იქნება თუ აქ დავეტოლებით და ვაჯობებთ. იმიტომ, რომ კეთილდღეობა და ეკონომიკა თუ იზრდება, ის მოქალაქეებისთვის უნდა გაიზარდოს. ნუ თავმდაბლობთ, ერთი კანონი მითხარით, რომელიც მოქალაქის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახა,“ - განაცხადა სოფიო ხორგუანმა.

როგორც ოპოზიციონერი დეპუტატის საპასუხოდ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, „ყველა კანონი ემსახურება ჩვენი ქვეყნის განვითარებას, შესაბამისად, ყველა კანონი ემსახურება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას და მათ განვითარებას“.

შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ღიაობაზე საუბრისას გერმანიის ბუნდესტაგის მაგალითი მოიყვანა და აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტისგან განსხვავებით იქ საპარლამენტო ცხოვრებაში მოქალაქეებს მონაწილეობის მიღების საშუალება არ აქვთ.