ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის  თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში დეტალურად არის აღწერილი სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურა და ჯაჭვი.

მისივე განმარტებით, გაცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, მათ შორის, შემუშავდეს კანონპროექტი, რომელიც კომპანიებს შორის ურთიერთობის ინსტიტუციურ ჩარჩოს შექმნის.

"პრობლემა არის ბაზრის სტრუქტურულ მოწყობაში. სურათმა აჩვენა, რომ ჯაჭვში, - ქსელიდან დაწყებული, მწარმოებლით და იმპორტიორ-დისტრიბუტორებით დამთავრებული, - ძირითადი პრობლემა არა გადაჭარბებულ მოგებებშია, არამედ არაეფექტურ საოპერაციო ხარჯებში. ეს ნიშნავს, რომ ფასწარმოქმნის ჯაჭვში გროვდება დამატებითი ხარჯი, რომელიც საბოლოო ჯამში, აწვება პროდუქტის თვითღირებულებას. აქ არის მნიშვნელოვანი რესურსი, რომ მოხდეს ამ სტრუქტურის სწორად გადაწყობა, საოპერაციო ეფექტურობის გაუმჯობესება რაც, საბოლოო ჯამში, ჯაჭვს ერთიანობაში გახდის უფრო ეფექტურს და მომხმარებელი მიიღებს მნიშვნელოვნად უკეთეს ფასს, ვიდრე დღეს არის ეს ბაზარზე.

სათანადო გამჭვირვალობა არ არის და კომერციული ურთიერთობა გაუგებარია. მეორე პრობლემაა გადახდების მნიშვნელოვანი დაგვიანებები, - აქ იყო პრობლემა, რომელიც ქმნის დამატებით ხარჯების და ამის დარეგულირება აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა გამჭვირვალობის ნაწილში ნაშთების მართვა. აუცილებელია, სექტორის გაციფრულება, რაც ნიშნავს, რომ საოპერაციო მოდელი იქნება გამჭვირვალე, გასაგები და თითოეულ რგოლს ექნება წვდომა თავიანთი პროდუქტების მოძრაობაზე. ეს არის უაღრესად დიდი პრობლემა, რომელიც დამატებით ხარჯს ქმნის," - განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფასების შემსწავლელი საპარლამენტო კომისია თებერვალში შეიქმნა და 11 სხდომა ჩაატარა.