საპარლამენტთაშორისო კავშირი რჩება მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად გლობალური გამოწვევების განსახილველად, მათი მოგვარების გზების განსასაზღვრად, ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე საპარლამენტო დიპლომატიის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია მომავალშიც გააგრძელებს საპარლამენტთაშორისო კავშირის ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას.
„წარმოგიდგენთ საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის 2024 წლის ანგარიშს. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეისა და ახალგაზრდა პარლამენტართა გლობალური კონფერენციის მუშაობაში. საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 148-ე ასამბლეა 2024 წლის 23-27 მარტს, ჟენევაში გაიმართა. ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით. ღონისძიებაში მონაწილეობდა 140-მდე ქვეყნის 1 500-მდე დელეგატი, მათ შორის 50-მდე პარლამენტის თავმჯდომარე. ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა საპარლამენტო დიპლომატია. გიორგი ვოლსკიმ აღნიშნულ თემაზე სიტყვით მიმართა ასამბლეაზე შეკრებილ კოლეგებს. ასამბლეაზე აქტიურად მიმდინარეობდა მსჯელობა ღაზის სექტორში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე, საუბარია 2024 წლის მარტზე, თუმცა ერთობლივი პოზიციის შეჯერება ვერ მოხერხდა და ამ საკითხზე ინიცირებულმა ვერცერთმა რეზოლუციის პროექტმა ვერ მოიპოვა ხმათა უმრავლესობა.
ქართულმა დელეგაციამ მხარი დაუჭირა ევროპული ქვეყნების მიერ ინიცირებულ პროექტს. ასამბლეის მიმდინარეობის პარალელურად, ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა გამართა: დიდი ბრიტანეთის საპარლამენტო დელეგაციასთან, ყაზახეთის წარმომადგენლობითი პალატის საგარეო, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ასევე შეხვედრა გაიმართა სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეებთან და ვიცე-სპიკერებთან. ეს არის ის პლატფორმა, რომელშიც შესაძლებლობა გვაქვს განსაკუთრებით სამხრეთ ამერიკულ, აფრიკულ, ოკეანეთის ქვეყნების, აზიის ქვეყნების წარმომადგენლებთან გვქონდეს ორმხრივი შეხვედრა, რათა გავამყაროთ არაღიარების პოლიტიკა. მოვუყვეთ და გავაცნოთ ოკუპაციის პრობლემატიკასთან დაკავშირებით და ამით უზრუნველვყოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატებში მხარდაჭერა. ეს, რა თქმა უნდა, შემდეგ აისახება განსაკუთრებით გაერო-ს რეზოლუციებში.
საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ახალგაზრდა პარლამენტართა მეათე მსოფლიო კონფერენცია კი 12-14 სექტემბერს, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ერევანში გაიმართა. მის მუშაობაში 60-ზე მეტი ქვეყნის ეროვნული პარლამენტის და საერთაშორისო ორგანიზაციების 250-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიების მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობისთვის განათლებისა და დასაქმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პარლამენტის წევრმა, სალომე ქურასბედიანმა, რომელმაც მომხსენებლის რანგში მიიღო მონაწილეობა კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ სამუშაო შეხვედრაში, სადაც ახალგაზრდა მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში დაუბრკოლებელი ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკაზე იმსჯელეს. დეპუტატებმა შეიმუშავეს გზამკვლევი, რომელიც აღნიშნული ჯგუფებისათვის განათლებისა და სამუშაოს უწყვეტი ხელმისაწვდომობის მიზნით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას გულისხმობს. კონფერენციაზე, ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები თანასწორობის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის დაცვის თემებზე.
საპარლამენტთაშორისო კავშირი რჩება მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმად გლობალური გამოწვევების განსახილველად, მათი მოგვარების გზების განსასაზღვრად, ქვეყნებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე საპარლამენტო დიპლომატიის გასაძლიერებლად. საპარლამენტთაშორისო კავშირში მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის განსამტკიცებლად და საერთაშორისო თანამშრომლობის განსავითარებლად. შესაბამისად, მომავალშიც გავაგრძელებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას. წელსაც დაგეგმილია ორი ასამბლეა და ასევე შესაძლოა, ჩატარდეს თემატური კონფერენციები და საქართველოს პარლამენტი აქტიურად იქნება ამ ღონისძიებების მონაწილე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.