პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე,  საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა. 

საანგარიშო პერიოდის განმავლობაში საპარლამენტთაშორისო კავშირში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო ასამბლეის 150-ე და ასამბლეის 151-ე სესიებში, პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის ყოველწლიურ საპარლამენტო შეხვედრასა და პარლამენტარი ქალების გლობალური კონფერენციის მუშაობაში.

როგორც საპარლამენტთაშორისო კავშირში (IPU) საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საპარლამენტთაშორისო კავშირის განსაკუთრებით მსხვილი და მნიშვნელოვანი ღონისძიება გენერალური ასამბლეაა, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება და პარლამენტების თავმჯდომარეთა და წევრთა გლობალური დონის შეკრებას წარმოადგენს.

2025 წლის 5-8 აპრილს, უზბეკეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ტაშკენტში,  საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 150-ე ასამბლეა გაიმართა. ასამბლეის მუშაობაში შალვა პაპუაშვილთან ერთად მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. ღონისძიების განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა  „საპარლამენტო საქმიანობა სოციალური განვითარებისა და სამართლიანობისთვის“. 

„სიტყვით გამოსვლისას ვისაუბრე სოციალური განვითარების კუთხით საქართველოში გადადგმულ ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფაზეა მიმართული. ასევე, ყურადღება გავამახვილე თანასწორობის უზრუნველყოფასა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ მიმართული კანონმდებლობის შექმნაზე. 
ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა უზბეკეთის რესპუბლიკის, ბელგიის სამეფოს, მალტის, ისრაელის, თურქეთის, ინდოეთის, ტაჯიკეთის პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან და  საფრანგეთის და შვეიცარიის საპარლამენტო დელეგაციებთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

19-23 ოქტომბერს, ჟენევაში, შვეიცარიაში, საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით 151-ე ასამბლეა  გაიმართა. საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ, გიორგი ვოლსკის ხელმძღვანელობით, ასამბლეის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაში 140-მდე ქვეყნის 1400-მდე დელეგატი, მათ შორის 30-მდე პარლამენტის თავმჯდომარე მონაწილეობდა. ასამბლეის მთავარ განსახილველ თემას წარმოადგენდა  „ჰუმანიტარული ნორმების დაცვა და ჰუმანიტარული ქმედებების მხარდაჭერა კრიზისების დროს“.

გიორგი ვოლსკიმ სიტყვით მიმართა ასამბლეაზე შეკრებილ კოლეგებს და კრიზისების დროს ჰუმანიტარული ნორმების დაცვისა და ჰუმანიტარული ქმედებების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან მადლიერება გამოხატა საერთაშორისო წითელი ჯვრის კომიტეტის მიმართ, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ პროექტებს ახორციელებს.
ასამბლეის სხდომის დასასრულს, მთავარ განსახილველ თემასთან დაკავშირებით,  საპარლამენტთაშორისო კავშირის დეკლარაცია მიიღეს.  

2025 წლის 29-31 ივლისს, ასევე, ჟენევაში გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის რიგით მე-6 პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენცია. საპარლამენტო დელეგაციას, შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ნიკოლოზ სამხარაძესთან ერთად ჩაერთო კონფერენციის მთავარი თემის განხილვაში: „საპარლამენტო თანამშრომლობა და მულტილატერალიზმი  მშვიდობის, სამართლიანობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობის მიმართულებით“. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე.

„პარლამენტების თავმჯდომარეთა მსოფლიო კონფერენციის გენერალურ დებატებზე გამოსვლისას ვისაუბრე უცხოური დახმარების მავნე პრაქტიკაზე, რომელიც „ხშირად პოლიტიკური მიზნით ჩარევისთვის გამოიყენება, თუმცა წარმოჩენილია, როგორც დახმარება დემოკრატიულ განვითარებაში“. აღვნიშნე, რომ დემოკრატია წარმოადგენს ცხოვრების წესს და არა იდეოლოგიას, ხოლო დემოკრატიული დახმარების საფარქვეშ პოლიტიკური გავლენის თავსმოხვევა მის არსს ეწინააღმდეგება.
ასევე, მონაწილეობა მივიღე პანელურ დისკუსიაში - „ინოვაციები მშვიდობიანი მომავლისთვის: ახალი გადაწყვეტების განსაზღვრა“ და დელეგატებს სიტყვით მივმართე. აღვნიშნე, რომ მშვიდობის მიღწევის გზაზე არსებული საფრთხეები დღეს აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ომებითა და კონფლიქტებით და მოიცავს ერების სუვერენიტეტის უგულებელყოფასა და შიდა საქმეებში ჩარევით გამოწვეულ სერიოზულ გამოწვევებს. განვაცხადე, რომ ხანგრძლივი, მხოლოდ დემოკრატიული მშვიდობაა, რომელიც გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და სამართლიანობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ასამბლეის მსვლელობის პარალელურად, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ორმხრივი შეხვედრები გამართა: ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარესთან, მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის თავმჯდომარესთან, ბრაზილიის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან, იორდანიის სენატის პრეზიდენტთან.

საანგარიშო პერიოდში, საპარლამენტთაშორისო კავშირმა განახორციელა ღონისძიებები ქალთა გაძლიერების საკითხზე.

2025 წლის 10-13 მარტს, ნიუ-იორკში, გაერო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის ყოველწლიური საპარლამენტო შეხვედრა, რომლის განხილვის მთავარ თემას წარმოადგენდა: „პარლამენტები და პეკინის დეკლარაცია 30 წლის შემდეგ:  წინააღმდეგობის დაძლევა და არსებული პარადიგმების გამოყენება გენდერული თანასწორობის სასარგებლოდ”, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა მარიამ ლაშხმა. 

შეხვედრის ფარგლებში, მარიამ ლაშხმა ისაუბრა საქართველოში ქალთა გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, პეკინის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიმდინარეობასა და არსებულ გამოწვევებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობასა და ქალებისა და გოგონების ჩართულობის ზრდას STEAM-ის სფეროებში. 

ღონისძიების ფარგლებში, მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრა გამართა „ქალთა საერთაშორისო მშვიდობის ჯგუფის“ რეგიონის დირექტორთან. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორგანიზაციის საქმიანობაზე, მიმდინარე და სამომავლო აქტივობებზე. 

13-16 მარტს, მექსიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ მეხიკოში, გაიმართა საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტარი ქალების გლობალური კონფერენცია: „მექსიკის გზავნილი მსოფლიოს, მოვახდინოთ მობილიზება გენდერული თანასწორობისათვის“. კონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ძალისხმევის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას ქალთა თანაბარი ხელმისაწვდომობა და მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებში.

ღონისძიების ფარგლებში მარიამ ლაშხმა ორმხრივი შეხვედრები გამართა საპარლამენტთაშორისო კავშირის გენერალურ მდივანთან, ქალ პარლამენტართა ბიუროს პრეზიდენტსა და ახალგაზრდა პარლამენტართა ფორუმის პრეზიდენტთან.

„ამრიგად, საპარლამენტთაშორისო კავშირის ღონისძიებების ფარგლებში, საქართველო აქტიურად ჩაერთო გლობალური გამოწვევების განხილვაში, ასევე, გააძლიერა კონტაქტები სხვადასხვა ქვეყანასთან ორმხრივ და მრავალმხრივ დონეზე. მომავალშიც გავაგრძელებთ საპარლამენტთაშორისო კავშირის ღონისძიებებში აქტიურ მონაწილეობას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა წარდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.