საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ქართველი ოლიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას ოლიმპიელებს მიღწეული წარმატებები მიულოცა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ოლიმპიურმა გუნდმა 206 გუნდს შორის 24-ე ადგილი დაიკავა, რაც დიდი მიღწევაა.
„განსაკუთრებული დღე გვაქვს და განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ოლიმპიურ გუნდს. რამდენიმე კვირის წინ, როდესაც აქ შევიკრიბეთ და მაშინ კიდევ ერთხელ გაჟღერდა ჩვენი ოლიმპიური გუნდის დევიზი უკეთ, ვიდრე წინა ოლიმპიადაზე, თუმცა ვინ წარმოიდგენდა, თუ ეს იქნებოდა საუკეთესო შედეგი ჩვენს ისტორიაში. ვინ წარმოიდგენდა, რამხელა ყიჟინა იქნებოდა ჩვენს ქვეყანაში, ქალაქებსა თუ სოფლებში, ერთი მხრივ, გულშემატკივრობით, ნერვიულობით გამოწვეული ხმაური, ყიჟინა, შეძახილები და ბოლოს გამარჯვებით დაგვირგვინებული ყიჟინა, რომელიც ყველა სახლიდან გამოდიოდა. თქვენი დიდი დამსახურებაა, რომ ასე გააერთიანეთ ქალიც და კაციც, სოფელშიც და ქალაქშიც, უბან-უბან, ყველა, რომელიც თქვენ გგულშემატკივრობდათ.
მინდა, მოგილოცოთ წარმატება მედალოსნებს. ბატონმა პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა თითოეული მედალოსნის განსაკუთრებული როლი ამ საერთო გამარჯვებაში და განსაკუთრებული დამსახურებაა მათი, ვინც ორგზის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონები გახდნენ და ამით განსაკუთრებით გაგვიხარეს გული. თქვენ დაამტკიცეთ, რომ სპორტული მიღწევებისთვის მნიშვნელობა არ აქვს ერისა და ქვეყნის ზომას. 206 გუნდს შორის 24-ე ადგილი დავიკავეთ ჩვენმა ოლიმპიურმა გუნდმა, მოსახლეობის რაოდენობაზე თუ შევხედავთ, მეშვიდე ვართ მსოფლიოში 206 გუნდს შორის და ეს განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რამდენად ნიჭიერი ერი ვართ სპორტში, მაგრამ ასევე ეს უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ერისთვის ჩვენი სპორტსმენების მხარდაჭერა, რადგან შემთხვევით არაფერი მოდის. წარმატებები, რომლებიც ოლიმპიადიდან ოლიმპიადამდე გროვდებოდა და მივიდა თავის ლოგიკურ გაგრძელებამდე, რომ საუკეთესო შედეგი გვაქვს ისტორიულად, რა თქმა უნდა, შედეგია ამ გაერთიანებული ძალისხმევის, სადაც ერიც და ბერიც, ახალგაზრდაც და მოხუციც, ყველა გულშემატკივრობს ჩვენს სპორტსმენებს და ყველა თავის წვლილს იღებს, რათა წარმატებული იყოს ჩვენი გუნდი ყველა ამ მიმართულებით. თქვენ დაამტკიცეთ, რომ განსაკუთრებული შრომისმოყვარეობით, განსაკუთრებული ძალისხმევით, ჟინით, რომელიც ქართულ ოლიმპიურ გუნდს ჰქონდა, ყველა შედეგის მიღწევა და ყველა ოცნების ასრულება შეიძლება.
ეს მიღწევები არის არა მხოლოდ თქვენი პირადი შედეგები, ეს არის ჩვენი ეროვნული გამარჯვება, თითოეული ქართველის სიამაყის მიზეზი და საფუძველი ხართ თქვენ. მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა, ახლა უკვე არა მხოლოდ გულშემატკივარი, არამედ ასევე პარლამენტის სახელით მოგესალმოთ და პარლამენტის სახელითაც მადლობა გადაგიხადოთ ამ შედეგებისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, მადლობას გიხდით თქვენ, თქვენს მწვრთნელებს, ექიმებს და ამაზეც ბევრი ისტორია ვნახეთ, მოვისმინეთ და წავიკითხეთ, რამხელა შრომა დევს მათ შორის ექიმების ამ ყველაფრის უკან. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც ასევე გავიცანით ამ პერიოდში, გაიცნო ფართო საზოგადოებამ. თქვენი ოჯახის დამსახურებაა, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება მიუძღვნეს თქვენს კარიერას, წარმატებას და დღეს განსაკუთრებით ხარობენ ისინი თქვენი წარმატებით.
დიდი მადლობა გუნდის თითოეულ წევრს, განსაკუთრებით გამოვყოფ ჩვენი ოლიმპიური გუნდის თანამედროშეს, ქალბატონ ნინო სალუქვაძეს, რომელმაც ათ ოლიმპიადაზე დაგვამახსოვრა თავი და დაგვამახსოვრა მისი შედეგებით, განსაკუთრებული ძალისხმევით, როდესაც ათი ოლიმპიადის მონაწილე გახდა. ესეც მაგალითია ყველა სპორტსმენისთვის ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში.
მადლობა კიდევ ერთხელ ყველას, ოლიმპიურ კომიტეტს განსაკუთრებით, ეს ყველას საერთო დამსახურებაა. გისურვებთ წარმატებას შემდეგ შეჯიბრებებში. ვინც უმაღლესი ჯილდო ამ ჯერზე ვერ მიიღეთ, ჩვენი გულების ჩემპიონები ხართ და თქვენ ოქროს მედლების მფლობელები მრავალჯერ გახდებით სხვადასხვა ასპარეზობაზე. ამ საქმეში მთელი ერი გიდგავართ გვერდში და ვართ თქვენი გულმხურვალე მხარდამჭერები. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და გილოცავთ ამ წარმატებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.