საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს, კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, რადოვან ვიხს შეხვდა.
ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი დინამიკის გააქტიურება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დარგობრივი კავშირების შემდგომი გაღრმავება.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ ჩეხური კომპანიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო პერსპექტივებს. შალვა პაპუაშვილმა ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ჩეხური კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობებს.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რადოვან ვიხთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩეხეთი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდნენ თავდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ პოტენციალზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.
საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის წევრები - ალუდა ღუდუშაური და ირმა ზავრადაშვილი.









