საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში ეს არის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში.
როგორც პაპუაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ჩეხეთის პარლამენტში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა ჰქონდა.მისივე თქმით, საუბარი შედგა არაერთ საკითხზე.
„ჩვენი შეხვედრის მთავარი დასკვნა ის არის, რომ მნიშვნელოვანია, ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკის გამო, რომელსაც ბრიუსელი საქართველოს მიმართ ატარებს. ჩვენს ქვეყნებს ტრადიციულად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ, გვაქვს საერთო ეკონომიკური ინტერესებიც. საქართველო, მათ შორის, ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილია. ჩეხეთი ნავთობის 40 პროცენტს აზერბაიჯანიდან, საქართველოს გავლით იღებს. სულ ახლახან ჩეხეთმა აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების შესახებ ახალი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმადაც, გაზი ასევე საქართველოს გავლით მიეწოდება ჩეხეთს. შესაბამისად, საქართველო-შუა დერეფანი ჩეხეთის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.
რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ იმ წინაპირობებზე, თუ მიზეზებზე, თუ საბაბებზე, რომელთა გამოც ბრიუსელი დღეს საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად უმწიფარ პოლიტიკას ატარებს. ვისაუბრეთ გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც სწორედაც რომ იყო მიზეზი, ხოლო სხვა დანარჩენი უკვე საბაბებია. სინამდვილეში, მთავარი მიზეზი ის არის, რომ რიგ ფონდებს არ სურთ, გამჭვირვალე გახადონ საკუთარი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, რაც, ზოგადად, სუვერენიტეტის დარღვევაა. ამასთან, ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე საქართველოში მოვიწვიე. იმედი მაქვს, მექნება შესაძლებლობა, მალე ვუმასპინძლო მას საქართველოში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, პრაღაში ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას ოფიციალური მიწვევით 8 ნოემბერს გაემგზავრა.








