ზურაბიშვილი ვიდრე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა გადავიტანეთ, როცა ის საფრანგეთში ცხოვრობდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილი მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფება საზღვარგარეთ, რითაც ქვეყნის კონსტიტუციას არღვევს
„ქალბატონი სალომე ვიდრე იტყოდა, რომ ბუჩამდე აფხაზეთში ომი იყო, ეს ომი ჩვენ გადავიტანეთ, ამ ქვეყანაში მცხოვრებმა ხალხმა, მაშინ როდესაც ის საფრანგეთში ცხოვრობდა. რაღაც აღმოჩენებს თავისთვის თუ აკეთებს, არ ვიცი, საქართველომ გადაიტანა ეს ომები და ამაში ქალბატონი სალომეს ისტორიის გაკვეთილები არ გვჭირდება. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ის აკეთებს ამ განცხადებას იმ პირობებში, როდესაც არღვევს კონსტიტუციას. აღმოჩნდა რომ ის იმყოფება საზღვარგარეთ მთავრობისგან თანხმობის გარეშე, რაც ერთხელ უკვე თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომ არის კონსტიტუციის დარღვევა . მან მართალია თავიდან შეურაცხმყოფელი სიტყვებით აკრიტიკა საკონსტიტუციო სასამართლო, თუმცა შემდეგ როდესაც ამავე სასამართლოს გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მიმართა, ამით აღიარა ამ ინსტიტუტის ლეგიტიმაცია. შესაბამისად, დღეს ის აღიარებს, რომ არღვევს კონსტიტუციას. აი, ასეთ ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელიც უხეშად, პირდაპირ, განზრახ არღვევს ჩვენი ერის ეროვნულ საფიცარს. ჩვენ გვაქვს ჩვენი სულიერი საფიცრები, მაგრამ ჩვენი ეროვნული საფიცრები ჩვენი დროშა, ჩვენი გერბი და ჩვენი კონსტიტუცია არის და ზუსტად ამ საფიცარს დღეს ის ფეხქვეშ თელავს. კომენტარიც კი ზედმეტია, მაშინ როდესაც ზურაბიშვილი არღვევს კონსტიტუციას.
ზოგადად როდესაც ადამიანი არღვევს კანონს, არღვევს კონსტიტუციას იმხელა, ასე ვთქვა, ციცაბო დაღმართში ეშვება რომ იქ ყველანაირი მორალური ზღვრები იშლება და ეს არის ახლა რაც გვაქვს. რა თქმა უნდა ასეთი განცხადებები, ასეთი რიტორიკა, ტერმინოლოგია, რომელსაც იყენებს „ქართული ოცნების“ მიმართ, რომელიც არის ანარეკლი იმ ევროპელი ქარაფშუტა პოლიტიკოსებისა, რომლებსაც ჩვენ ვუსმენდით და როგორც ჩანს, მათგან სწავლობს თუ როგორ უნდა ელაპარაკოს ქართველ ხალხს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.