USAID-თან დაკავშირებით ვისურვებდი, რომ არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მათ შორის, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილს კითხეს: „გავრცელდა ინფორმაცია, რომ USAID-ის თანამშრომლები არიან შვებულებაში გაშვებული, ზოგიერთი მათგანი კი იძულებით არის გაშვებული შვებულებაში. მათ ბრალი ედებათ ტრამპის ადმინისტრაციისთვის გვერდის ავლის მცდელობაში. ჩვენთანაც მოქმედებს ეს ორგანიზაცია, არის პროექტები, რომლებიც ამ ორგანიზაციის მიერ ფინანსდება. რა გავლენა ექნება ამ ყველაფერს საქართველოს კონტექსტში?“
„იცით, რომ USAID-ის ადგილობრივი ოფისი ჩართული იყო 2020 წლის პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. პირდაპირ მათი მონაწილეობა იყო ამ ყველაფერში. ვისურვებდი, არა მხოლოდ დაფინანსების მხრივ იყოს გადახედვა, არამედ გამოძიებულ იქნას USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობის ჩართულობა 2020 წლის პარალელური დათვლის გაყალბებული შედეგების გავრცელების სკანდალში, რომელმაც კინაღამ საზოგადოება არეულობამდე მიიყვანა. საერთო ჯამში, ესეც არის საფუძველი, რატომაც ხდება გადახედვა დაფინანსებისა. სასიამოვნოდ გამიკვირდა კიდეც, როცა ტრამპის აღმასრულებელ განკარგულებაში საფუძვლად აღებული იყო ის, რომ საერთაშორისო დახმარება, რიგ შემთხვევაში, ადგილზე გარკვეული, ასე ვთქვათ, არეულობის შეტანაში გამოიყენება, მათ შორის აზიანებს აშშ-ის ინტერესს. ეს არის ზუსტად ის მიდგომა, ხედვა, რომელიც ჩვენ გვაქვს გარკვეული ასეთი სახის ღონისძიებებთან თუ აქტივობებთან დაკავშირებით. არა მხოლოდ დაფინანსების საკითხი, ვისურვებდი, რომ გამოძიებულ იქნას საქართველოში USAID-ის წარმომადგენლობის როლი 2020 წელს პარალელური დათვლის ყალბი შედეგების გავრცელებაში. მათ შორის, მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ამერიკის შესაბამის დაწესებულებებთან, ვინაიდან პირადად მე და ჩვენ USAID-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა გვატყუებდა, თითქოს პარალელური დათვლის შედეგები იყო სწორი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ზუსტად ამ ხელმძღვანელობამ, მათ შორის უცხოელმა ხელმძღვანელმა ზუსტად იცოდნენ, რომ ყალბი შედეგები იყო, რომელსაც ავრცელებდა „ისფედი“ და უბრალოდ, გვატყუებდნენ ხელისუფლებას, ქართველ ხალხს, ხელს აფარებდნენ „ისფედის“ მაშინდელ თანამშრომლებს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.