ვხედავთ, რომ ხელისუფლების ერთ-ერთ შტოზე არის პირდაპირი შტურმია, რათა მოიპოვოს გავლენა ამა თუ იმ ჯგუფმა, გვარამიას საქმე, „რუსთავი 2“-ის საქმე, მელიას საქმე, სააკაშვილის საქმე, ყველა საქმეზე სინქრონულად მოქმედებდნენ „ნაციონალური მოძრაობა“, რამდენიმე „ენჯეო“ და ზოგიერთი უცხოელი აქტორი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და რამდენიმე „ენჯეო“ ყოველ ჯერზე სინქრონულად უტევდნენ მართლმსაჯულებას, ყოველ ჯერზე დამარცხდნენ სტრასბურგში, ყოველ ჯერზე ახალ ტალღას იწყებდნენ ახალი მოტივაციით.
„რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომას, კარგია, რომ ჩანაწერი, სხდომის აუდიო ოქმი გასაჯაროვდა. კარგია, რომ საზოგადოებამ დაინახა, სადამდე მივიდა უცხოური ჩარევა ქართულ მართლმსაჯულებაში. მივიდა იქამდე, რომ მოსამართლეები ჰყავთ პირდაპირ ტერორის ქვეშ, ტერორის ქვეშ ამყოფებდნენ „ენჯეოების“ და სხვადასხვა აქტორების ხელით, ამყოფებენ ტერორის ხელში ქართველ მოსამართლეებს, რომლებიც წლებია, პატიოსნად ემსახურებიან ქართველ ხალხს და ჩვენს მართლმსაჯულებას, აყენებენ ისეთ მდგომარეობაში, თითქოს მათ თავი უნდა იმართლონ და ვინმეს რამე უმტკიცონ. თუ ვინმეს კეთილსინდისიერება აქვს სამტკიცებელი ჩვენს საზოგადოებაში, ეს არის ის რამდენიმე „ენჯეო“, რომელიც ემსახურება არა ქართულ ინტერესებს, არამედ საკუთარი დონორის ინტერესებს. ისინი არ წარმოადგენენ ქართველ ხალხს, ისინი წარმოადგენენ თავიანთ დონორებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.