ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს, აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„31 წელია, რაც ქართულ სახელმწიფოს მოწყვეტილი აქვს თავისი ძირძველი მიწა. საქართველო აგრძელებს ბრძოლას საკუთარი თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, თავისუფლებისა და წინსვლისთვის, ვაგრძელებთ განვითარებას, რათა მალე მივაღწიოთ სანუკვარ მიზანს – აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად ვაშენოთ ერთიანი ძლიერი საქართველო.
ოცდათერთმეტი წლის წინ დატრიალებული ტრაგედია არის ათასობით ადამიანის პირადი ტრაგედია, ქვეყნის თავს დამტყდარი უდიდესი განსაცდელი და ჩვენი სამშობლოს წინაშე დამდგარი უმძიმესი რეალობა, რომელსაც ვერასდროს შევეგუებით.
ჩვენი მიზანი უცხადესია – ვიაროთ იმ გზით, რომელიც ჩვენი ძმების გულებისკენ მიდის. მშვიდობით, სიყვარულითა და პატიებით შევძლოთ ჩვენი სამშობლოსთვის იარების მოშუშება, ერთად სიარული და ერთად შენება, კვლავინდებურად ლაღი და ღირსეული თანაცხოვრება. ეს არის დღეს ჩვენი მთავარი ეროვნული ამოცანა.
დარწმუნებული ვარ, ეს დღე აუცილებლად დადგება და 14 აგვისტო საქართველოს ისტორიის ფურცლად იქცევა, ჭკუის სასწავლებელ ფურცლად. ჩვენი ვალია, ეს ტრაგიკული ფურცელი გადავფურცლოთ, რათა მომავალ თაობებს აფხაზეთის ხსენებისას, ტკივილის ნაცვლად, გამარჯვებისა და აღმშენებლობის სიხარული ეუფლებოდეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.