"დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
მისი თქმით,, უცხო ქვეყანა ქართულ მედიას თავს დაესხა, ხოლო კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ხმა არ ამოიღეს, რაც იმის დასტურია, რომ ეს NGO-ბი საქართველოში უცხო ძალის გამტარებლები არიან.
"სოკოებივით მომრავლებულ სხვადასხვა მედია "ენჯეოებს", მედიის დამცველებს, კინწურაშვილებს და მსგავსებს, რომლებიც მილიონებს იღებდნენ და წლების განმავლობაში გვაჩვენებდნენ, თითქოს სიტყვის თავისუფლების და მედიის მცველები არიან, დღეს აქვთ გაკრინტული ხმა.
ვინმეს ერთი ხმა მათი გაგიგონიათ? სინამდვილეში, მოხდა ის, რომ უცხო ქვეყანა ქართულ მედიას თავს დაესხა და ხმა აქვთ გაკრინტული. სწორედ ეს არის ყველაზე კარგი ლუსტრაცია, რომ ეს "ენჯეოები" არიან უცხო ძალის გამტარებლები საქართველოში, ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ფულს იღებენ მათგან, ვინც დღეს თავს ესხმის ქართულ მედიას.
ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ უცხოური ფულით საქართველოში შეგვიქმნეს "მეხუთე კოლონა", რომელმაც, როცა მიიღებენ შესაბამის მითითებას, "მოლოტოვის კოქტეილები" უნდა ესროლონ საქართველო პარლამენტს და პოლიციელებს, როცა საჭირო გახდება, თავდასხმებზე ჩუმად უნდა იყვნენ, რომ გაამართლონ მათი დამფინანსებლების ქმედებები.
დღეს ვინც ჩუმად არის, ან ემხრობა ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, ის დგება უცხო ქვეყნის მხარეს და არა საკუთარი სამშობლოს მხარეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









