ყველაზე დიდი არაკეთილსინდისიერებაა, როდესაც პრეტენზიას აცხადებ, რომ უცხო ქვეყნის ხალხის სახელით ლაპარაკობ და გრამი ლეგიტიმაცია არ გაქვს იმ ხალხისგან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა და განმარტა, რომ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებებს ქართველი ხალხის სახელით იღებს.
„ბევრი განცხადება ვნახე, სადაც უცხოელი პოლიტიკოსები საუბრობენ, რა სურს ქართველ ხალხს, რა არის ქართველი ხალხის ნება. არ დაუჯეროთ არცერთ უცხოელს, რომელიც ქართველი ხალხის სახელით დაგელაპარაკებათ, რადგან ყველაზე არაკეთილსინდისიერი საქციელია, ილაპარაკო სხვა ქვეყნის ხალხის სახელით, როცა ხარ ერთი ქვეყნის ხალხის მიერ არჩეული ადამიანი ან წარმომადგენელი. ყველაზე დიდი არაკეთილსინდისიერებაა, როდესაც პრეტენზიას აცხადებ, რომ უცხო ქვეყნის ხალხის სახელით ლაპარაკობ და გრამი ლეგიტიმაცია არ გაქვს იმ ხალხისგან.
არ დაუჯეროთ არცერთ უცხოელს, რომელიც ცდილობს, ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით. კითხვა დასვით, რა არის განზრახვა ასეთი ადამიანის, რომელიც თქვენი სახელით ლაპარაკობს ისე, რომ გრამი ლეგიტიმაცია არ მიგიციათ, არც ენა იცის, არც კულტურა, არც ისტორია, არც ქუჩაში გაუვლია ჩვენთან, ერთ ადამიანს არ იცნობს ყოფითად. რა უფლებით ან ლეგიტიმაციით საუბრობენ ქართველი ხალხის სახელით, როცა მეორე მხარეს დგას ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც აქვს ლეგიტიმაცია ქართველი ხალხის მხრიდან, რომ ზუსტადაც ქართველი ხალხის სახელით ისაუბროს?
საქართველოს ხელისუფლება თქვენც და უცხოელებსაც ელაპარაკება ქართველი ხალხის სახელით და გადაწყვეტილებებსაც იღებს ქართველი ხალხის სახელით, მთლიანად საქართველოს სახელით ლაპარაკობს. ვინაიდან დემოკრატიული პროცესები ითვალისწინებს პროცედურას, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები, მათ შორის პარლამენტში, ჩვენ სამი თვე ვიმსჯელეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ყველა ჰქონდა საშუალება, საკუთარი მოსაზრება წარმოედგინა, კრიტიკულიც და არაკრიტიკულიც. ამ მოსაზრებათა ჭიდილში, საბოლოო ჯამში, მიიღება გადაწყვეტილება ქართველი ხალხის სახელით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი მიღებულია ქართველი ხალხის სახელით და ნებისმიერი უცხოელი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამას, ის კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დემოკრატიას.
„ეს არის საკითხების მიმართ რუსული სტილის მიდგომა. ამას რუსეთი აკეთებს უკრაინის მიმართ, როდესაც ამბობენ, რომ ხელისუფლება არ წარმოადგენს უკრაინელ ხალხს და თავისი სურვილით ასახელებს, ნიშნავს, ვინ შეიძლება იყოს იმ ხალხის წარმომადგენელი. ეს არის რუსული სტილი. ჩვენს ქვეყანაზე გვინახავს ასეთი დამოკიდებულება, როდესაც რუსეთის სხვადასხვა ხელისუფლება ქართველი ხალხის სახელით გველაპარაკებოდა ხოლმე და გვეუბნებოდა, რომ ხალხი კარგია და ხელისუფლება არის ცუდი. ყველას მოვუწოდებ, დაფიქრდნენ, რომ ქართველ ხალხთან რუსული სტილით საუბარი სწორი არ არის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.