უცხო ქვეყნის მოქალაქეს არაფერი ესაქმება სხვა ქვეყანაში დემონსტრაციებზე. სხვათა შორის, აშშ-ში სახელმწიფო დეპარტამენტი ამ მხრივ ძალიან მკაფიო პოლიტიკას ატარებს,” - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პოლონეთის საელჩოს განცხადებას, რომელიც თავის მოქალაქეებს მოუწოდებდა, რომ საქართველოში გამგზავრებამდე შეაფასონ ფაქტორები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მისთვის გაუგებარია პირდაპირ კავშირს რატომ ამყარებს პოლონეთის საელჩო საქართველოში მისი მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხთან.

,,მათ შორის როდესაც ვიზას უჩერებს იმ ადამიანებს, რომლებიც, ნაცვლად იმისა, რომ ვიზის დანიშნულებით იმყოფებოდნენ ქვეყანაში, დაკავებული არიან სხვადასხვა მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტებით. რაც შეეხება საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოშვება-არშემოშვების საკითხს, არ ვიცი, რატომ ასკვნის პოლონეთის საელჩო. არ ვიცი, რა შემთხვევები იყო, არ ვიცი, ასეთ პირდაპირ კავშირს რატომ ამყარებს, თუმცა, მეორე მხრივ, გასაკვირია საერთოდ ამაზე ხაზგასმა. ასევე გასაკვირია რადიკალების რეაქციები ასეთ საკითხთან დაკავშირებით. ისეთი წარმოდგენები არის ხოლმე, თითქოს, თავისთავადი საკითხია, თითქოს უცხოელები საქართველოში ჩამოდიოდნენ და აქციებს აწყობდნენ. არ ვიცი, თუ ჰგონიათ, რომ ყივჩაღების გუნდს ჩამოიყვანენ, რომ მათ მიეხმარონ და რაღაცნაირად შეავსონ მათი შეთხელებული რიგები. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, მათ შორის ის ფაქტები, რომ უცხოელები იყვნენ ჩართული საქართველოში რადიკალურ პროცესებში. ეს არის გაგრძელება ამ ქვეყნების ხელისუფლებების არასწორი პოლიტიკისა. როდესაც დაინახავს პოლონეთის მოქალაქე, რომ პოლონეთის ელჩი ერევა შიდა საქმეებში, როდესაც დაინახავს ესტონეთის მოქალაქე, რომ ესტონეთის ელჩი ერევა შიდა საქმეებში, მასაც ჰგონია, რომ თავისთავადია, ჩახვიდე უცხო ქვეყანაში და სხვა საზოგადოებას თავს მოახვიო შენი პოლიტიკური მოსაზრებები. ასე არ არის მოწყობილი სამყარო და ამას არ გულისხმობს სუვერენიტეტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.